ხალხი ფიქრობს – „კაცო, ამ რუსეთის გავლით ევროპა აღარ გაგვიგიაო“, ვეღარ ხვდებიან უკვე რაშია საქმე, ოპოზიციის მომხრეებიც დაბნეულები არიან,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის გეგმა, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ ხელისუფლებად წარმოეჩინა, ჩავარდა.
„ჩვენი მხრივ ვუერთდებით ევროკავშირის ელჩის განცხადებას და ჩვენც მოვუწოდებთ (ოპოზიციას ერთობლივად მუშაობისკენ), თუმცა, პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს. მათ შეუძლიათ არაფერი ქნან, საერთოდ გაჩერდნენ, ამითაც კი დაეხმარებიან ხელისუფლებას პრიორიტეტების შესრულებაში. თუმცა, მათი წარსული ქმედებებიდან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ სიტყვით თითქოსდა იზრუნებენ პრიორიტეტების შესრულებაზე, საქმით კი დაიქირავებენ ლობისტებს და საბოტაჟის რეჟიმში იქნებიან. თუმცა, მათი გეგმები ჩავარდა. ჩავარდა ეს პიარული გარუსების გეგმა ხელისუფლების, ქვეყნის, საზოგადოების არჩევანის, რადგან რუსეთისკენ მიაქანებთ ქვეყანასო და ამ დროს შემდეგ ეტაპზე გადავდივართ დაწყებული ასოცირების შეთანხმებით, ვიზალიბერალიზაციით და კანდიდატის სტატუსამდე მოვედით, ამ გზაზე დავდივართ და მიაქანებთ ქვეყანას რუსეთისკენო. ეს ხალხი ფიქრობს – „კაცო, ამ რუსეთის გავლით ევროპა აღარ გაგვიგიაო“, ვეღარ ხვდებიან უკვე რაშია საქმე, მათი მომხრეებიც დაბნეულები არიან. გარუსების გეგმა აბსოლუტურად ჩავარდნილია, აბსოლუტურად გაცვეთილი, გოიმური მესიჯია და ამ დროს მათგან პოზიტიური მოლოდინი ვერ იქნება, მაგრამ როგორც მინიმუმ, იქნებ, ხელი მაინც არ შეგვიშალონ“, – განაცხადა მდინარაძემ.