“ხალხი გარბის და თვალში ნაცარს აყრიან, თითქოს ქვეყანაში უმუშევრობა არნახულადაა შემცირებული”-რომან გოცირიძე

95
spot_img

ხალხი გარბის და თვალში ნაცარს აყრიან, თითქოს ქვეყანაში უმუშევრობა არნახულად არის შემცირებული, მარტივი მანიპულაციაა – სამუშაო ძალა თავის ძალას და ენერგიას ხარჯავს უცხოეთში, – ასე აფასებს  ოპოზიციონერი დეპუტატი,  რომან გოცირიძე მთავრობის ანგარიშს, რომლის თანახმად,  საქართველოში 2022 წელს უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

როგორც გოცირიძე აცხადებს, მთავრობას ტრადიციულად სურს, შეცდომაში შეიყვანოს მოქალაქეები და წარუმატებლობა წარმატებად წარმოაჩინოს.

“ფაქტია, ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად, გაიზარდა ფასები, 15 – პროცენტიანი ზრდა იყო 2021- ში, 10 – პროცენტიანი 2022- ში და წელსაც გრძელდება ინფლაცია. ხალხი გარბის და თვალში ნაცარს აყრიან, თითქოს ქვეყანაში არის არნახულად უმუშევრობა შემცირებული, ძალიან მარტივი მანიპულაციაა – უმუშევრობა განისაზღვრება სამუშაო ძალასთან მიმართებით, სამუშაო ძალა შემცირდა და თავის ძალას და ენერგიას ხარჯავს უცხოეთში. თუ სამუშაო ძალა შემცირდება 100 ათასით მაშინ, იდეალური სურათი იქნება. თუ საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის ნახევარი უცხოეთში წავა, ბუნებრივია, უმუშევრობა გამოვა ნული,”- განაცხადა გოცირიძემ.

სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის თანახმად, 2022 წელს უმუშევრობის დონზე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა.

„2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა აისახა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზე. 2022 წელს უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით, 3.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ისტორიული მინიმუმს − 17.3%-ს გაუტოლდა. უმუშევართა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 48.3 ათასი ადამიანით შემცირდა და 267.9 ათასი შეადგინა. დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს მნიშვნელოვნად − 66.3 ათასით გაიზარდა და 1,283.7 ათასი შეადგინა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შედეგად, 2022 წელს დასაქმდა 12 645 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის, 8811 პირი სოციალურად დაუცველია. ხოლო 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით -3 815, საიდანაც 3600 სოციალურად დაუცველი მოსარგებლეა. პროფესიული გადამზადება აირჩია 609 პირმა”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში.