კეზერაშვილი აფინანსებს ოპოზიციას, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ხალხმა იცის, რას წარმოადგენენ ისინი, ოქტომბერში მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს, შეცდომების უფლება არ გვაქვს-კალაძე

20
spot_img

კეზერაშვილი აფინანსებს ოპოზიციას, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ხალხმა იცის, რას წარმოადგენენ ეს ადამიანები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

კალაძის თქმით, არც ხელისუფლებას და არც მოსახლეობას დღეს შეცდომების დაშვების უფლება არ აქვს.

„კეზერაშვილმა გაქურდა ჩვენი ქვეყანა, საქართველოს მოსახლეობა, საქართველოს ბიუჯეტი, ამით გამდიდრდა. ხომ ვიცით კეზერაშვილის წარსული, ვინ იყო და რა იყო. ამ ნაქურდალს დაამატა ევროპაში პენსიონერების გაქურდვა და დღეს აფინანსებს ოპოზიციას, თუმცა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, კეზერაშვილი ვის დააფინანსებს, დაპირისპირება ექნება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თუ არ ექნება, ეს პარტიები გაერთიანდებიან თუ დაიშლებიან.

ხალხმა უკვე კარგად იცის, რას წარმოადგენენ ეს ადამიანები თავიანთი წარსულით, აწმყოთი, ვინ არიან, რისი მკადრებლები არიან. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გააკეთებს სწორ არჩევანს, მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, რადიკალურ დაჯგუფებებს არ მისცენ შესაძლებლობა, ქვეყანა კიდევ წლებით დახიონ უკან. დღეს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გარკვეული შეცდომები დავუშვათ ან არასწორი ნაბიჯები გადავდგათ. მაშინ, როდესაც მეორე ფრონტის გახსნასთან, სანქციებთან დაკავშირებით მოგვიწოდებდნენ, ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა და მაგალითად, მივერთებოდით სანქციებს, ქვეყანაში გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ამით ვის დავაზიანებდით? ხომ ისევ ჩვენ ქვეყანას დავაზიანებდით. დღეს არ გვაქვს უფლება, დავუშვათ შეცდომები, ეს ეხება როგორც ქვეყნის ხელისუფალს, ასევე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.