კეთილი ინებონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები. მაგრამ რა უნდა წარმოადგინონ, რაც ბუნებაში არ არსებობს?-კახა კალაძე

25
spot_img

„ასეთი წვრილმანი და საფუძველს მოკლებული განცხადებები არჩევნებს ზიანს ვერ მიაყენებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ბრალდებების საპასუხოდ.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა და ამის შესაბამისი დასკვნებიც არსებობს.

„ეს არის ჩვეულებრივი სიცრუის კამპანია. აქვთ მცდელობა, რომ ქვეყანას ზიანი მიაყენონ. რეალურად არჩევნები მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ეუთო/ოდირმა შესაბამისი განცხადებები გააკეთა, გამოაქვეყნეს შუალედური დასკვნებიც და საბოლოო შეფასებაც. ასეთი წვრილმანი და საფუძველს მოკლებული განცხადებები არჩევნებს ზიანს ვერ მიაყენებს. გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას უნდა მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის დაბარებას, რომელიც აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს, კახა კალაძის თქმით, ეს არის სპეკულაციების ნაწილი.

„ჩვეულებრივ სპეკულაციებს და სიცრუეს აქვს ადგილი. ხომ ამბობენ არჩევნები გაყალბდაო, ბრიფინგებს უძღვნიდნენ ამ თემას. ცესკო-მ ხომ მიმართა პროკურატურას და გამოძიება იწყება, რათა ყველაფერს შესაბამისი პასუხი გაეცეს. ახლა კეთილი ინებონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები. მაგრამ რა უნდა წარმოადგინონ, რაც ბუნებაში არ არსებობს?“, – აღნიშნა კახა კალაძემ.