კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანის ადვოკატი მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას და ჯაიანისთვის მინიმალური სასჯელის – 10 წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ითხოვს

20
spot_img

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანის ადვოკატი გიორგი მდინარაძე მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას და ჯაიანისთვის მინიმალური სასჯელის – 10 წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ითხოვს.

კერძოდ კი, დღევანდელ სხდომაზე ადვოკატი დასკვნით სიტყვაში განმარტავდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული მკვლელობას აღიარებს, დაცვის მხარე დამამძიმებელ გარემოებებს არ ეთანხმება. კერძოდ კი, ჯაიანი გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას და სისტემატურ ცემს არ აღიარებს.

შესაბამისად, ბოლო სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დამამძიმებელ გარემოებებში ბექა ჯაიანის გამართლება მოითხოვა. ადვოკატი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 108-ე მუხლით გადაკვალიფიცირებას და 108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმალური სასჯელის – 10 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას ითხოვს.

რაც შეეხება იმას, ისარგებლებს თუ არა ბექა ჯაიანი საბოლოო სიტყვით შემდეგ სხდომაზე, ადვოკატი აცხადებს, რომ ეს მისთვის უცნობია.

„ბექა ჯაიანი ბოლო შეხვედრის დროს, მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შევხვდებით მას და ვნახოთ, მისი უფლებაა, საბოლოო სიტყვის თქმა”,- განაცხადა მდინარაძემ.

ადვოკატი შუამდგომლობაში განმარტავდა, რომ ბექა ჯაიანი ბრალს ნაწილობრივ იმის გამო არ აღიარებს, რომ სასჯელის ნაწილში ეს შემამსუბუქებელი ფაქტი იყოს.

მდინარაძის თქმით, სახელმწიფო ბრალდებას ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც არ წარმოუდგენია, რომ ჯაიანმა კესარია აბრამიძე გენდერის ნიშნით მოკლა.

ადვოკატის თქმით, უტყუარად დასტურდება, რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ, მოწმეებმაც კი დაადასტურეს, რომ გამორიცხული იყო, ჯაიანს გენდერის ნიშნით ეს დანაშაული ჩაედინა. მისივე თქმით, ბექა ჯაიანმა იცოდა, რომ ის ტრანსგენდერი ქალი იყო.

კესარია აბრამიძის ოჯახის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით კი, ბექა ჯაიანის მიმართ სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა გამოიყენოს.

სასამართლო განაჩენს 16 აპრილს, 10:30 საათზე გამოაცხადებს.

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ჯაიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით და და 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილებით წარედგინა,

რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემს გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს