
თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი კალიფორნიის გუბერნატორს ლოს ანჯელესში ძალადობრივი არეულობების დასასრულებლად უმოქმედობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ში წერს. ლევიტის განცხადებით, გუბერნატორი გევინ ნიუსომი ზედმეტად სუსტი იყო ქალაქის დასაცავად.
„გევინ ნიუსომს არაფერი გაუკეთებია, როდესაც ლოს ანჯელესში დღეების განმავლობაში ძალადობრივი არეულობები მიმდინარეობდა. ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების ოფიცრებს თავს დაესხნენ მოძალადე რადიკალები და არალეგალური კრიმინალები, რომლებიც აფრიალებდნენ უცხოურ დროშებს, რადგან გუბერნატორი ნიუსომი ზედმეტად სუსტი იყო ქალაქის დასაცავად. ლოს ანჯელესის პოლიციის უფროსმა კი თქვა, რომ არეულობები კონტროლიდან გადიოდა. პრეზიდენტი ტრამპი ჩაერთო კანონის და წესრიგის შესანარჩუნებლად და ფედერალური შენობების დასაცავად“, – წერს კეროლაინ ლევიტი.
ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივანი აღნიშნავს, რომ ლოს ანჯელესში არეულობები ადასტურებს, რომ საჭიროა საიმიგრაციო აღსრულებისთვის მეტი პერსონალი და რესურსი.
„ამერიკამ უნდა უკუაქციოს ჯო ბაიდენის მიერ დაწყებული მილიონობით შეუმოწმებელი არალეგალი უცხოელი დამპყრობლის შემოჭრა ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტ ტრამპის „დიდი, მშვენიერი კანონპროექტი“ აფინანსებს, სულ მცირე, ერთ მილიონ დეპორტაციას წელიწადში და ამატებს საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის ათი ათასს პერსონალს, ხუთი ათასს ახალ მებაჟე ოფიცერს და სასაზღვრო პატრულის სამი ათასს აგენტს“, – წერს თეთრი სახლის პრესმდივანი.
ხარჯების შესახებ კანონპროექტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ წინა თვეში დაამტკიცა და რომელსაც დონალდ ტრამპი „დიდ, მშვენიერ კანონპროექტს“ უწოდებს, ითვალისწინებს თავდაცვისა და საზღვრის უსაფრთხოებისთვის ხარჯების გაზრდას, საგადასახადო შეღავათებს, ასევე სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდას. სწორედ ეს კანონპროექტი გახდა პრეზიდენტ ტრამპსა და „ტესლას“ დამფუძნებელ ილონ მასკს შორის უთანხმოების მიზეზი.