კელი დეგნანმა 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

66
spot_img

საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალთან მივიდა. დეგნანმა 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

დღევანდელ დღეს აშშ-ის საელჩო „ფეისბუქგვერდზე“ ეხმაურება.

„დღეს დიდი თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ნებისმიერი თაობის ადამიანი, ნებისმიერი თანამდებობის, ნებისმიერი მიმართულების, ფიქრობს მხოლოდ ერთზე – საქართველომ უნდა მოიპოვოს დამოუკიდებლობა! საქართველო ღირსია სრული თავისუფლების! საქართველო ღირსია იმის, რასაც მიაღწიეს მსოფლიოში ყველაზე განვითარებულმა, ყველაზე დემოკრატიულმა და ჰუმანურმა ერებმა! მეგობრებო, ჩვენს ყველა მიტინგსა და დემონსტრაციაზე ამ დღის შემდეგ პირველ მოთხოვნად ვაქცევთ საქართველოს სრული დამოუკიდებლობის და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის მოთხოვნას!” – მერაბ კოსტავა.

ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“,- აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფეისბუქგვერდზე.

9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.