ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი ეძღვნება ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობების, ოჯახის ინტერესების, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას. როცა ამაშიც კი ეძებ უარყოფით მხარეს, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც არასწორი გინდა ამ ქვეყნისთვის , – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპა, პირველ რიგში, გამჭვირვალობას, ტრადიციულ ფასეულობებს, ქრისტიანულ ფასეულობებს ნიშნავს.
„ჯერ ჩვენ მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი ფუნდამენტური, ევროპული პრინციპი და სრულიად უტიფრად ეს კანონი გამოგვიცხადეს რუსულ კანონად. ახლა ჩვენ მივიღეთ მეორე კანონი, რომელიც აწესრიგებს უმარტივეს რამეს, კაცი უნდა იყოს კაცი, ქალი უნდა იყოს ქალი, კაცს უნდა ერქვას კაცი და ქალს უნდა ერქვას ქალი და ამასაც გვიცხადებენ რუსულ კანონად. ეს არის კიდევ ერთი აბსოლუტურად გაუგებარი მოვლენა. არ შეიძლება ქართული საზოგადოების აღქმაში ევროპა ასოცირდებოდეს გაუმჭვირვალობასა და ლგბტ პროპაგანდასთან, ეს არასწორია. ეს, რა თქმა უნდა, არ წაადგება ევროკავშირის იმიჯს ქართულ საზოგადოებაში. ჩვენს აღქმაში, რა თქმა უნდა, ევროპა ნიშნავს, პირველ რიგში, გამჭვირვალობას, ტრადიციულ ფასეულობებს, ქრისტიანულ ფასეულობებს. საუკუნეების განმავლობაში ქართველები იმიტომ მიილტვოდნენ ევროპისკენ, რომ ჩვენ გვაერთიანებდა საერთო ქრისტიანული ტრადიციები და ქრისტიანული კულტურა. როცა ამის საპირისპიროდ შენ გეუბნებიან, რომ ევროკავშირი დღეს, თითქოს, არის ქრისტიანული ტრადიციების საპირისპირო მოვლენა, ეს მიუღებელია. გვჯერა, რომ რაც აერთიანებს ევროპას, ეს არის, პირველ რიგში, სწორედ ქრისტიანული ფასეულობები. სწორედ ამას ეძღვნება ის კანონი, რომელიც მიღებულია. ეძღვნება ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობების, ოჯახის ინტერესების, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას. როცა ამაშიც კი ეძებ უარყოფით მხარეს, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც არასწორი გინდა ამ ქვეყნისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.