ხელისუფლების სახელით მინდა ვთქვა და ვისაც კითხვას დაუსვამთ, აუცილებლად იგივე პასუხს მიიღებთ – კატეგორიულად მიუღებელია ისეთი ტიპის განცხადებები, რომელიც შეუთავსებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან, – ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კითხვას, ელოდება თუ არა საგარეო უწყებისგან ოფიციალურ პოზიციას დიმიტრი მედვედევის განცხადებებთან დაკავშირებით.
სარჯველაძის თქმით, ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება არათანხვედრაში, შეუთავსებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრიორიტეტთან, არის კატეგორიულად მიუღებელი და არალეგიტიმური.
“საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, ერთი მხრივ, აღიარებულია მთელი ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და საქართველოს პოზიციაც ამ მიმართულებით არის ურყევი, ერთმნიშვნელოვანი, ცალსახა. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება არათანხვედრაში, შეუთავსებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრიორიტეტთან, არის კატეგორიულად მიუღებელი და არალეგიტიმური. აქედან გამომდინარე ეს ერთმნიშვნელოვნად არის კატეგორიულად მიუღებელი განცხადება, რომელიც მოვისმინეთ სახელმწიფოს წარმომადგენლისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. საქართველო ვერასდროს, ვერც ერთ შემთხვევაში შეურიგდება ტერიტორიების ოკუპაციას და გავაგრძელებთ ბრძოლას დეოკუპაციისთვის, ეს ნიშნავს, რომ საქართველო აუცილებლად შეძლებს მშვიდობიანი გზით აღასრულოს ისტორიული სამართლიანობა, დაიბრუნოს ტერიტორიები და მასზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქენი,”- განაცხადა სარჯველაძემ.
კითხვაზე, ელოდება თუ არა საგარეო უწყებისგან ოფიციალური განცხადების გავრცელებას, სარჯველაძე პასუხობს, რომ საქართველოს ხელისუფლების სახელით ამბობს, რომ კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის განცხადებები, რომელიც შეუთავსებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან.
“მთლიანად, მთელი საქართველოს ხელისუფლების სახელით მინდა ახლა მაშინ გავაკეთო განცხადება და ყველას სახელით ვთქვა, უკლებლივ ყველასი და ყველასგან, ვისაც შესაძლებლობა მიეცემა და ვისაც კითხვას დაუსვამთ, აუცილებლად იგივე პასუხს მიიღებთ ვინც წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას – კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის განცხადებები, რომელიც შეუთავსებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან”, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, ვერავინ გამოკვეთს, რომ ხელისუფლებას მსგავს განცხადებებთან შემრიგებლური დამოკიდებულება აქვს.
“ნუ ცდილობთ ამას, ამით საერთო ეროვნულ ინტერესს აზიანებთ,” – მიმართა ჟურნალისტს სარჯველაძემ.