“კატარის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმა უმძიმესი დარტყმა მიაყენა ევროინტეგრაციის პერსპექტივას” – გიორგი ვაშაძე

112
spot_img

კატარის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმა უმძიმესი დარტყმა მიაყენა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას, – ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები.

გიორგი ვაშაძის თქმით, ამას ქართველი ხალხი არ შეეგუება.

„მსოფლიო მედიისა და ლიდერების თვალწინ საუბრობდა არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, არამედ პუტინის პირადი წარმომადგენელი. მან ფაქტობრივად მხარი დაუჭირა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გადაწყვეტის რუსულ მოდელს, თითქოს უკრაინამ უნდა დათმოს რაღაც. უკრაინამ თუ უნდა დათმოს, მაშინ საქართველომაც უნდა დათმოს? ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რამე უნდა დავთმოთ? მან ერთი ერთში გაიმეორა დუგინის იდეოლოგიის მთავარი ნარატივი, რომ რუსეთთან ვაჭრობის გარეშე საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა. ეს წლების წინ დუგინის მიერ შემუშავებული იდეოლოგიაა, რომლითაც ისინი მოსახლეობას წამლავენ.

„ბლუმბერგის“ შოკირებული ჟურნალისტი კითხვებს უსვამდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თქვენი ნათქვამით პუტინის ნარატივს აძლიერებთო? კონსტიტუციაში რომ გიწერიათ ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, კვლავ ეს არის თქვენი მიზანიო? ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ გვესაუბრებოდა, ეს იყო პრორუსი ბოტი, რომელსაც თავიდან ბოლომდე დაუწერეს ეს გზავნილები და რუსეთისთვის სასარგებლო მესიჯით საუბრობს საქართველოს სახელით. ეს არის ყველაზე დამღუპველი. ვინმე კიდევ კითხვას დასვამს, რომ ამ ხალხს სამშობლო უყვარს და საქართველოს ევროინტეგრაცია უნდა? საქმე გვაქვს საქართველოს გაყიდვასთან და ეროვნული ინტერესების ღალატთან. მსოფლიო მასშტაბით საქართველოს სახელით გამოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი და თავიდან ბოლომდე პუტინის პოზიციებს იცავს ყველა კომპონენტში, უბრალოდ, შოკია. ეს არის პირდაპირი გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ თავი დაგვანებეთ, ჩვენ გვინდა რუსეთი. არ გაგივათ, ამას ჩვენ არ გავატარებთ. არც ჩვენ და არც ქართველი ხალხი არ შეეგუება. ქართველი ხალხის ნების გაყალბებას თავი დაანებეთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.