“კარგია, რომ სანქციების გვერდის ავლის კონკრეტული ფაქტები არ არსებობს” – ხათუნა სამნიძე

114
spot_img

ის, რომ შეკითხვები არსებობს და ამასთან დაკავშირებით დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა, ეს უკვე საგანგაშოა, რადგან ჩვენნაირი ქვეყანა ამ ომის ვითარებაში არ უნდა აჩენდეს საკუთარი ხელისუფლების არასწორი განცხადების გამო შეკითხვებს, შეკითხვები გაჩნდა და ძალიან ბევრი სტატია დაიბეჭდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

სამნიძის თქმით, ქვეყანასთან თუ კონკრეტული შეკითხვები ჩნდება, ამაზე სრულად პასუხისმგებელია ხელისუფლება.

„კარგია, რომ კონკრეტული ფაქტები არ არსებობს და ასეთი ინფორმაციით ტოვებენ ჩვენი პარტნიორები ქვეყანას. არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს ხელისუფლება ისევ არ გააჩენს შეკითხვებს სანქციების თავის არიდების საკითხთან დაკავშირებით. კარგია, რომ კონკრეტული ფაქტები არ არის, მაგრამ ცუდია, რომ საქართველოს ხელისუფლება შეკითხვებს აჩენს და არაფერს არ აკეთებს, რომ ჩვენი პოზიციები მტკიცე იყოს. მხოლოდ ოპოზიცია არ არის ინფორმაციის წყარო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ისინი ქვეყანაში კონკრეტულ ვითარებას სწავლობენ და ამის შესაბამისად ჩნდება შეკითხვები. „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ თუ ქვეყანასთან დაკავშირებით კონკრეტული შეკითხვები ჩნდება, ამაზე სრულად პასუხისმგებელია ხელისუფლება, ძალა, რომელიც ხელისუფლებაშია და არის გადაწყვეტილების მიმღები“, – განაცხადა სამნიძემ.

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის, ქვეყანას პოზიტიური შთაბეჭდილებით ვტოვებთ“. ამასთან, აშშ-ის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯიმ ო’ბრაიენმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა საქართველოში, განაცხადა: „საქართველოში შეხვედრები კარგად ასახავს მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან, ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა“.