კანონი თურმე იმის მიხედვით უნდა მივიღოთ, დაბურძგლავს თუ არა მოცეკვავეს ტანში და ჩაესმის თუ არა მსახიობს ყურში ევროპული ჰანგები -გურამ მაჭარაშვილი

58
spot_img
„აუცილებლად მისაყვანია საქმე ბოლომდე, იმიტომ, რომ  ეს კანონები [გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი] ნიშნავს იმას, რომ შენ როგორც სახელმწიფო არსებობ, შემდგარი სუბიექტი ხარ და მენტალურად არ ხარ დამოკიდებული იმაზე, რას იტყვიან უცხოეთში,” –  განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილმა სინანულით აღნიშნა, რომ ოპოზიციის კამპანია, რომელიც მიმართულია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კანონების მიღების წინააღმდეგ, დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებს და მეტწილად ემოციებზეა აგებული.
„ოპოზიციის  მთელი კამპანია იმაზეა აგებული, თუ რას იტყვიან საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები და ხან ხელოვანებს მიადგნენ, ხან სხვა სფეროს ცნობილ სახეებს და პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდებენ. კანონი თურმე იმის მიხედვით უნდა მივიღოთ, დაბურძგლავს თუ არა მოცეკვავეს ტანში  და ჩაესმის თუ არა მსახიობს ყურში ევროპული ჰანგები – ამ დონეზე აწიეს პროპაგანდა. ეს მენტალობაა დასანგრევი.
გარდა ამისა, აუცილებლად მისაღებია ცილისწამების საწინააღმდეგო კანონი, იმიტომ, რომ ვრცელდება უამრავი დეზინფორმაცია. წარმოიდგინეთ,  ჟურნალისტებს შეურაცხყოფას აყენებენ და ხმას არ იღებს არავინ – არც  დიპლომატიური წარმომადგენლობა, არც უფლებადამცველები და არც არავინ. აუცილებლად დასაბრუნებელია საკანონმდებლო სივრცეში სამშობლოს ღალატის თემა. ეს მუხლი 2008 წლიდან ამოიღეს და ნახეთ, მენტალური პრობლემა შეიქმნა –  ნელ-ნელა ყველაფერს ქართულს დაუწყეს ბრძოლა. ღირებული რაც არის, მათ შორის სიტყვა სამშობლო, რამდენჯერ მოგისმენიათ ამათგან? ის რაც ეთნიკურობასთან, ეროვნულობასთან არის დაკავშირებული, ამათმა ყველაფერი გააქრეს,” –  განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.