გადაწყვეტილებას იღებს ევროპული საბჭო, ამიტომაც არის, რომ ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებთან, რათა პოლიტიკური მხარდაჭერა მოვიპოვოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია პოლიტიკური გადაწყვეტილება.
„გადაწყვეტილებას ასეც და ისეც იღებს ევროპული საბჭო, ამიტომაც არის, რომ ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებთან, რათა პოლიტიკური მხარდაჭერა მოვიპოვოთ. თქვენ ნახეთ, რომ მაგალითად, ბულგარეთის პარლამენტმა სულ რამდენიმე დღის წინ რეზოლუცია მიიღო სწორედ ჩვენი კანდიდატობის სტატუსის მხარდამჭერი და ეს არის ჩვენი მუშაობის შედეგი და გესმით ასევე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები. ჩვენთვის საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია პოლიტიკური გადაწყვეტილება. რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას, ამ მხრივ ჩვენ ევროკომისიასთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა, პირდაპირი კომუნიკაცია. ამის შედეგი იყო მათ შორის, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილება, რომელიც იყო სრულად შეთანხმებული ევროკომისიასთან. ამის შედეგი არის ის მემორანდუმი, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ რეკომენდაციების შესრულების მხრივ და იცით, რომ მეათე რეკომენდაცია არის სწორედ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის გარკვეულ სისტემებში მოქცევა. შეფასებების კუთხით ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.