კანდიდატის სტატუსს ჰქონდა კონკრეტული დატვირთვა გლობალური ომის პარტიისთვის, მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით, 2022 წელს, საქართველოსთვის არ უნდა მოენიჭებინათ სტატუსი და ეს უნდა გამოეყენებინათ რევოლუციის მოსაწყობად-ირაკლი კობახიძე

7
spot_img

კანდიდატის სტატუსს ჰქონდა კონკრეტული დატვირთვა გლობალური ომის პარტიისთვის, მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით, 2022 წელს, საქართველოსთვის არ უნდა მოენიჭებინათ სტატუსი და ეს უნდა გამოეყენებინათ რევოლუციის მოსაწყობად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რევოლუციურ სცენაზე აიყვანეს „ენჯეოებიც“, თუმცა მცდელობა ჩავარდა, ვინაიდან ვერ მოახერხეს ხალხის დაყოლიება.

„ჩვენ შევიტანეთ განაცხადი კანდიდატის სტატუსზე და აქაც თავიდანვე წამოვიდა ზეწოლა – „ენჯეოები“ პირდაპირ გამოდიოდნენ, უკიდურესი ფორმით აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას და სახელმწიფოს და აცხადებდნენ, რომ მათ უნდა დაეწერათ განაცხადი. გამოდიხარ, ქვეყანაზე ამბობ, რომ არის დიქტატურა, უბედურება, ავტორიტარიზმი და ა.შ. და გინდა, რომ შენ შეიტანო განაცხადი, სადაც ეს ყველაფერი უნდა ჩაწერო. ხომ არ იტყვი, რომ იქ იტყუებოდი და აქ სიმართლე ჩავწერეო, ან პირიქით. ამას დაემატა, შეგახსენებთ, ქრონოლოგიურად რომ გავყვეთ, ბაკურიანის შეკრება, რაზეც ჩვენ წინასწარ ვისაუბრეთ, დაზღვევისთვის, მაგრამ არც ამან გაჭრა. არ აინტერესებდათ. ჩვენ წინასწარ ვთქვით ყველაფერი, რაზეც ჰქონდათ საუბარი ბაკურიანის შეკრებაზე. იქ იყო საუბარი ერთადერთ რამეზე, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებოდა საქართველოს, უნდა აემოქმედებინათ რევოლუციის გეგმა. გახსოვთ, ცნობილი „აკერმანის ტრენინგი“ რევოლუციის საკითხებზე. წინასწარ რაც ვთქვით, ის გააკეთეს მაინც, ანუ პრევენციული ეფექტი ამას არ ჰქონდა, რადგან გეგმა იყო გაწერილი – კანდიდატის სტატუსს ჰქონდა კონკრეტული დატვირთვა ერთადერთი ძალისთვის, გლობალური ომის პარტიისთვის, არ უნდა მოენიჭებინათ სტატუსი მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით და ეს უნდა გამოეყენებინათ რევოლუციის მოსაწყობად. ასეც მოხდა, ივნისში, 2022 წელს, არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი და ეს გამოიყენეს რევოლუციის მცდელობისთვის, თუმცა ეს მცდელობა ჩავარდა. მაშინ აიყვანეს „ენჯეოები“ რევოლუციურ სცენაზე, პარლამენტის წინ, თუმცა ვერ გათვალეს, რომ მათი რეპუტაცია არის მძიმე და შესაბამისად, ვერ მოახერხეს ხალხის დაყოლიება,“- განაცხადა პრემიერმა.