“კამალა ჰარისის პირველი საპრეზიდენტო კამპანია 2019 წელს ჩაიშალა. შეიცვალა თუ არა იგი მეორე კამპანიისათვის?”-The Washington Post

22
spot_img

თუ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი იქნება, მას მოუწევს მთელი რიგი პრობლემების გადალახვა – ისეთივეებისა, რომელთა გამოც იგი 2019 წელს იძულებული გახდა საპრეზიდენტო რბოლიდან გასულიყო“, – წერს გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) სტატიაში სათაურით „კამალა ჰარისის პირველი საპრეზიდენტო კამპანია 2019 წელს ჩაიშალა. შეიცვალა თუ არა იგი მეორე კამპანიისათვის?“ (ავტორები – კლივ ვუტსონი, მეიდელინ ჰალპერტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლა გამოაცხადა და ასპარეზი ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს დაუთმო (თუმცა მისი კანდიდატურა ბოლომდე ოფიციალურად ჯერ კიდევ არაა გარკვეული), არავინ იცის – იქნება თუ არა იგი წარმატებული და თავს იჩენს თუ არა იგივე პრობლემები, რომლებიც მისი პირველი საარჩევნო კამპანიის დროს გაჩნდა. გასაგებია, რომ ჯო ბაიდენს კამალა ჰარისი მოსწონს, მაგრამ რამდენად სარწმუნოა ვიცე-პრეზიდენტის განცხადება, რომ იგი დონალდ ტრამპს დაამარცხებს?

კამალა ჰარისი, რომელიც დემოკრატებმა 2019 წელს ბარაკ ობამას გზის გამგრძელებლად და მის პოლიტიკურ მემკვიდრედ გამოაცხადეს, ათი თვის შემდეგ წინასაარჩევნო ბრძოლიდან გავიდა. მას პრობლემები გაუჩნდა ფინანსების შეგროვებაში, მან ვერ შეძლო წინასაარჩევნო გზავნილების მომზადება და მტკიცე, სტაბილური საარჩევნო შტაბის შექმნა – იგი მუდმივად ათავისუფლებდა შტაბის წევრებს სამსახურიდან.

„კამალა ჰარისი ჩვენთვის ერთგვარ ოცნებას წარმოადგენდა ბარაკ ობამას შემდეგ, მაგრამ მან ჩვენი იმედები ვერ გაამართლა: საარჩევნო კამპანიას საშინლად ატარებდა“, – აცხადებს დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა.

კამალა ჰარისის მომხრეები ირწმუნებიან, რომ რვა წლის შემდეგ ყველაფერი შეცვლილია, თუმცა „ცოდვა გამხელილი სჯობს“ – ვიცე-პრეზიდენტის პოსტზეც მას არაერთხელ ჰქონია პრობლემები, მათ შორის მასმედიასთან ურთიერთობაში. უფრო მეტიც – ბევრი თანაპარტიელი ჯო ბაიდენს საყვედურობდა, რომ თავის დროზე ვიცე-პრეზიდენტად ესოდენ არაპოპულარული და ქარიზმის არმქონე პიროვნება წამოაყენა.

რა იქნება შემდეგ?

აშშ-ის უკანასკნელი მოქმედი პრეზიდენტი, რომელმაც უარი თქვა მეორე ვადით არჩევაზე, ლინდონ ჯონსონი იყო 1968 წელს. დღეს ძალიან ცოტა დრო რჩება როგორც დემოკრატიული პარტიის ყრილობამდე (19 აგვისტომდე), რომელზეც კანდიდატი ოფიციალურად დამტკიცდება, ისე ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენი უკვე უზრუნველყოფილი იყო 3896 პარტიული დელეგატის ხმით, რაც ბევრად მეტია, რაც მისი კანდიდატურის დამტკიცებას ჭირდებოდა. მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მხარდაჭერა კამალა ჰარისს ყველაზე სავარაუდო კანდიდატად აქცევს, მაგრამ საეჭვოა, რომ დემოკრატიულმა პარტიამ ერთი კანდიდატის ირგვლივ კონსოლიდაცია მოახერხოს და სხვები უარყოს.
თუ პარტია ვერ მოახერხებს გაერთიანებას კამალა ჰარისის (ან სხვა კანდიდატის) მხარდასაჭერად, ამ გარემოებამ შეიძლება პარტიის ყრილობის გაჭიანურება გამოიწვიოს.
პირველი ტური 3900 დელეგატს შორის ჩატარდება. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების უმეტესობას, მაშინ კიდევ რამდენიმე ტური გაიმართება.

კამალა ჰარისი უზრუნველყოფილია მემკვიდრეობის საკონსტიტუციო ხაზით. ამ მხრივ მას პოზიტივი აქვს. გარდა ამისა, დემოკრატიული პარტიისათვის ძალიან ძნელი იქნება უარი თქვას პირველ შავკანიან ქალზე, რომელსაც წარმატებისათვის გარკვეული შანსები აქვს.
სხვათა შორის, მას ფინანსების მწვავე პრობლემა აღარ ექნება, რადგან პარტიის მიერ მოგროვებული თანხა – 100 მილიონი დოლარი მის განკარგულებაში გადადის.

მაგრამ, როგორც „ბიბისის“ კორესპონდენტი ენტონი ზურკერი აღნიშნავს, არსებობს რისკებიც: საზოგადოებრივი გამოკითხვები აჩვენებენ, რომ კამალა ჰარისს პოპულარობის დაბალი რეიტინგი აქვს, ანუ დაბალია იმის შანსიც, რომ იგი დონალდ ტრამპს მეტოქეობას გაუწევს; ყველას კარგად ახსოვს, რომ კამალა ჰარისმა თავი ვერ გაართვა მიგრაციულ კრიზისს აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე. მან შეცდომები დაუშვა აბორტების მწვავე პრობლემის მოგვარების დროსაც.

მოკლედ, კამალა ჰარისის დამტკიცება კანდიდატად დემოკრატებისათვის დიდ რისკებს შეიცავს, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა უსაფრთხო ვარიანტები არ ჩანს. ფსონი კი – დონალდ ტრამპის შესაძლო გამარჯვება – ძალიან მაღალია.
მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: