14 იანვარს საქართველოში ძველით ახალი წელი აღინიშნება.
ახალ წელს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულად ხვდებოდნენ.
გურიაში ახალ წელს “კალანდას” ეძახდნენ. იგი წმინდა ბასილი დიდის, ხსენების დღეს ემთხვევა. 14 იანვარს, გურიაში, მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან.
მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დადგამს, ჩაფს ღვინით გაავსებს და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს აიღებდა და წმინდა ბასილს შეეხვეწებოდა, რომ ამ კაკალივით აევსო ოჯახი ყოველივე სიკეთით.
კალანდის მთავარი ატრიბუტია ჩიჩილაკი, რომელსაც მსხვილი თხილის ჯოხისგან ამზადებენ. ჩიჩილაკი სიცოცხლის ხის ნაირსახეობაა. მას ახალი წლის წინა დღეს თხილის ან იმერული ხეჭრელის ტოტებისაგან ამზადებდნენ და კურკანტელით, მარადმწვანე სუროთი, რიტუალური პურით, ფერადი ბაფთებითა და ხილით რთავდნენ. ჩიჩილაკი ნაყოფიერებისა და ბარაქიანობის მომნიჭებლად ითვლებოდა. ჩიჩილაკს წყალკურთხევამდე ინახავდნენ,შემდეგ კი წვავდნენ ან წყალს ატანდნენ.
კაკალს გატეხდნენ და, თუ ცარიელი აღმოჩნდებოდა, რაც, გურულების რწმენით, უბედურების მომასწავებელი იყო, მეკვლე ხელმეორედ ეხვეწებოდა წმინდანს, რომ ოჯახი ცარიელი კაკლისთვის არ დაემსგავსებინა. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართებოდა.მეკვლე კარებზე სამჯერ დააკაკუნებდა შემდეგი სიტყვებით: „კარი გამიღე!“ სახლიდან სამჯერ უპასუხებდნენ: „რა მოგაქვს?“. მეკვლე პასუხად ჩამოუთვლიდა: „მშვიდობა, ღვთის წყალობა, ჯანჯუხა, ხაჭაპური, ტკბილეული…” შემდეგ მას კარებს უღებდნენ და იწყებოდა საახალწლო მილოცვები. საახალწლო სუფრის აუციელებლი ელემენტია საცივი. საშობაო კვერი ტრადიციული გურული ხაჭაპურია (ღვიძელი). ესაა ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპური მოხარშული კვერცხით. ხაჭაპურში ჩატანებული კვერცხი ხვავის, ბარაქის, ოჯახის სიმტკიცისა და გაუტეხელობის სიმბოლო იყო.
გურული ღვეზელი იყო გათხოვილი ქალის მოკითხვისას მშობლების ძღვენის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი.
ნახევარმთვარის ფორმა ძველი გურულების რწმენით ძლიერების სიმბოლო იყო. საშობაო კვერი ცხვებოდა კეცზე, წითლად აელვებულ ნაკვერჩხალზე. მოხარშულ კვერცხებს ორი დღით ადრე შუაცეცხლზე ან ბუხარში შეკიდებდნენ ან ფრცქვნიდნენ, გაფიცხებულ კეცზე დააწყობდნენ და ნაკვერჩხალზე ბრაწავდნენ.
სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადის ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს, ჯამს იქვე მიუდგამს და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდება, რომელზეც ალაგია: ღორის თავი, ბასილა თავის ხაჭაპურებით, ხილი და სხვა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით “დააბედებს.”
ზემო რაჭაში საახალწლოდ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს ძველისთვის. აცხობენ აგრეთვე ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდ პურს “კერია-ბერია”-ს, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას “მაკვრიელი” ან მეკვლე ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით.
ახალწლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ჩაალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარებს დააკაკუნებს და ამბობს, რომ კარი გააღონ, რადგან მოაქვს ღვთის წყალობა.
ქართლში თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას დაასვენებს. ხონჩის ერთ გვერდზე “დასაბერებლად” თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში “აბრამიანს” უწოდებენ.
თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოტორს “ქრისტეს საგძალს”, კაცზე “ბაცუკაცს” და ქალზე მრგვალ კვერს. აცხობენ აგრეთვე დამახასიათებელ ნიშნებიან საქონლის კვერებს. საახალწლოდ ირჩევენ მეკვლეს, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია: ერბო, ყველი, მატყლი და რაიმე ტკბილეული. მეკვლეს ხელში არაყიც უჭირავს. ოჯახში შემოსვლისას პურს შემოაგორებს და დალოცავს ოჯახს.
ხევსურები ახალ წელს “წელწადს” უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს.
ახალწელიწადს მამაკაცები ხატში იკრიბებიან და აქ ხატის დარბაზში დროს სმასა და მოლხენაში ატარებენ.
ძველით ახლი წელი 13 იანვრის ღამეს შემოდის.