კალაძე აგრძელებს თბილისის აოხრების კვირეულს და დღეს სხდომამდე ერთი დღით ადრე შემოიტანეს „ლაგუნა ვერეს“ და აბრეშუმის ფაბრიკის ცათამბჯენების პროექტი, რომელიც პირადად ივანიშვილმა გაყიდა და მიჰყიდა სანქცირებულ რუს ოლიგარქთან დაკავშირებულ ადამიანებს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ “ლაგუნა ვერესა” და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე 50- სართულიანი ცათამბჯენების მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მან ამ პროექტს ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძის ერთობლივი კორუფციული პროექტი უწოდა და განაცხადა, რომ ის უარყოფითად აისახება თბილისელების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რადგან ის მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძთან სწორედ იმ ადგილას შენდება, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს ყველაზე მეტად დაიტბორა.
ბუაძემ თბილისის მერიასა და საკრებულოს ამ პროექტის განხილვის გადადების მოთხოვნით მიმართა, იქამდე, სანამ სპეციალისტები საკითხს არ შეისწავლიან.
„ეს არის პროექტი, რომლის განხორციელებაც კატასტროფული იქნება ჩვენი ქალაქისთვის, რომელსაც არანაირი თვალსაზრისით არ გააჩნია მიზანშეწონილობა. როგორც სატრანსპორტო თვალსაზრისით, ისე ურბანული თვალსაზრისით და რაც მთავარია, უსაფრთხოების თვალსაზრისით ორი 50-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა აბრეშუმის ფაბრიკისა და “ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე იქნება გამანადგურებელი დარტყმა თბილისისთვის, თბილისის ისტორიული იერსახისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძისთვის, რომელიც გმირთა მოედანზე მდებარეობს და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ტერიტორია, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს ყველაზე მეტად დაიტბორა – მდინარე ვერეს ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური კალაპოტია და აქ სპეციალისტებმა თქვეს, რომ აბსოლუტურად არანაირი მსგავსი მშენებლობის განხორციელება არ შეიძლებოდა, მაგრამ კალაძემ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ივანიშვილის სურვილების დასაკმაყოფილებლად და ერთობლივი დიდი კორუფციული სქემის მოსამსახურებლად, გადაწყვიტა, რომ შემოეტანა ეს პროექტი, რომელიც თავისი მოცულობით 150 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება. ჩვენ მივმართავთ თბილისის მერიას და საკრებულოს, რომ გადაიდოს ამ პროექტის განხილვა იქამდე, სანამ სპეციალისტები ჯერ კიდევ მუშაობენ ამ ტერიტორიის შესწავლაზე. ურბანისტები, ხელოვნებათმცოდნეები და ტრანსპორტის სპეციალისტები ახლა მუშაობენ სწორედ ამ დიდი ტერიტორიის შესწავლაზე და იქამდე, სანამ ჩვენ არ გვექნება კვლევის სრული სურათი, აუცილებელია გადაიდოს ეს პროექტი, რომელიც ისედაც ძალიან ბევრ პრობლემას შეიცავს და არის ივანიშვილისა და კალაძის ერთობლივი კორუფციული მმართველობის კიდევ ერთი სახე-ხატი ჩვენს ქალაქში, რომელიც ჩვენი კეთილდღეობისა და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვნად გაუარესების ხარჯზე ხორციელდება“, – განაცხადა საბა ბუაძემ.