
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი, დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე ამომრჩეველს კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის.
საარჩევნო უბნების დახურვისა და ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება” მორიგ გამარჯვებას ზეიმობს, რაც ქართველი ამომრჩევლის დამსახურებაა.
„გილოცავთ ყველას ამ შესანიშნავ გამარჯვებას. ვულოცავ სრულიად საქართველოს! კიდევ ერთი პასუხი ღირსეული ქართველების იმ უსამშობლო აგენტების წარმომადგენლების მიმართ – მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს! ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება მსოფლიოში, რა გამოწვევები და პოლიტიკური ინტერესებია. ყველა ვხვდებით, რომ შემთხვევითი არ არის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ეს მარტივი არ არის. უამრავი შეურაცხყოფა, ცილისწამება, მუქარა მოვისმინეთ, მაგრამ ჩვენი მტკიცე პოლიტიკით, ვიცავთ ქვეყნის ინტერესებს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერება გამოვხატო – ვამაყობ, რომ ვარ ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი. მინდა, მადლიერება გამოვხატო ამ ადამიანის მიმართ, რადგან დღეს ჩვენს ქვეყანაში რომ სუფევს მშვიდობა, მისი გამჭრიახობის, მტკიცე ხასიათის, დამოკიდებულებისა და იმ პოლიტიკის დამსახურებაა, რომელსაც მისი ხელმძღვანელობით ვახორციელებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, ლევან მაჭავარიანს. განსაკუთრებული მადლობა კი კახა კალაძემ ქართველ ამომრჩეველს გადაუხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. ჩვენი სიძლიერე ზუსტად იმაში მდგომარეობას, რომ ვართ ერთად, ვართ ერთი დიდი ოჯახი. მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. მადლობა ასევე მინდა, გადავუხადო თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, ლევან მაჭავარიანს. განსაკუთრებული მადლობა კი თქვენ, ჩემს თანამებრძოლებს, ჩვენს მხარდამჭერებს. ზუსტად თქვენი თანადგომითა და მხარდაჭერით შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება. ხვალიდან ვიწყებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ერთადერთი გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია, ქალაქი განავითაროს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა”, რაც არჩევნების შედეგებზეც აისახა.
„ერთადერთი გუნდი ვართ, ვისაც რეალური ხედვა ჰქონდა მთელი კამპანიის განმავლობაში და რომელიც კონკრეტულ პროექტებზე, გასაკეთებელ საქმეებსა და გამოწვევებზე საუბრობდა. არ მოგვრიდებია გვესაუბრა, თუ რა პრობლემებია დედაქალაქში. ზუსტად ვიცით, რა სჭირდება თბილისს, რა უნდა გაკეთდეს და როგორი უნდა იყოს ის ოთხი წლის შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვერდში დაგვიდექით, მხარი დაგვიჭირეთ. გპირდებით, როგორც დედაქალაქის მერი, რომ ამ პატივისცემასა და სიყვარულს ძალიან კარგი საქმეებით დავაბრუნებ. წარმატებები და გამარჯვებები ჩვენს ქვეყანას. თბილისს და ჩვენს გამარჯვებას გაუმარჯოს! ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი”, – განაცხადა თბილისის მერმა.