ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო

163
spot_img

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, კიდევ ერთი ბრალდებული სასამართლომ 2021 წელს ცნო დამნაშავედ.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, სასამართლოში დადასტურდა, რომ 2017 წელს ბრალდებულებმა, პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებული და მისი ახლო ნათესავები დაარწმუნეს, რომ თითქოსდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს იცნობდნენ და მსჯავრდებულს შეწყალებაში დაეხმარებოდნენ. ბრალდებულებმა დახმარების სანაცვლოდ 20 000 ლარი მოითხოვეს. მსჯავრდებულის ახლო ნათესავისგან ბრალდებულებმა თანხის ნაწილი – 12 000 ლარი აიღეს, თუმცა დაპირების მიუხედავად, მსჯავრდებულის შეწყალება არ მომხდარა.

ორივე ბრალდებულს ბრალდება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები, სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.