იმ პოტენციურად ეჭვმიტანილ ძალთა სია, ვის მოტივაციაშიც შედის ფატალური შედეგის დადგომა – ძალზე „ვიწროა“, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს დროთა განმავლობაში წამლავდნენ.
ქართველიშვილის თქმით, დიდი ალბათობით, ამ შემთხვევაშიც ვერ გავიგებთ კონკრეტული შემკვეთის ვინაობას, ვინ დგას ამ სავარაუდო დანაშაულის უკან.
„ჯერ პატრიარქი, მერე მისი მდივან-რეფერენტი, ახლა პატრიარქის თანამოსაყდრე… შემდეგი ვინაა? არადა, იმ პოტენციურად ეჭვმიტანილ ძალთა სია, ვის მოტივაციაშიც შედის ფატალური შედეგის დადგომა, ძალზე „ვიწროა“.
ჩვენ, ტრადიციისამებრ, ამ შემთხვევაშიც, დიდი ალბათობით, ვერ გავიგებთ კონკრეტული შემკვეთის ვინაობას. უბრალოდ ვილოცოთ მეუფე შიოს ჯანმრთელობისთვის, მომავალში სიფრთხილისაკენ მოვუწოდოთ მას და ყოველთვის ახსოვდეს: იუდა ისკარიოტელი უფლის უშუალო და უახლოეს წრეს განეკუთვნებოდა, როგორც მზაკვრობის განმხორციელებელი. ხოლო დამკვეთი ვინაა, თანამედროვე „სინედრიონის“ სახით, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, აქ ვარაუდების დონეზეც კი ვერ დავწერ“, – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს. მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის ვერსიასთან დაკავშირებით საპატრიარქოში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.