ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან და მმართველი ლიბერალური პარტიის ლიდერის პოსტიდან გადადგა. ტრუდო პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით ახალი ლიდერის არჩევამდე შეინარჩუნებს.
„მე ვაპირებ, დავტოვო პარტიის ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის პოსტი მას შემდეგ, რაც პარტია ახალ ლიდერს აირჩევს“, – განაცხადა პოლიტიკოსმა ოტავაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ჯასტინ ტრუდომ აღნიშნა, რომ 2015 წლიდან, რაც პრემიერ-მინისტრი გახდა, იბრძოდა კანადისა და მისი მოსახლეობისთვის, საშუალო ფენის გაძლიერებისთვის. ტრუდოს თქმით, მან ნახა, თუ როგორ გაერთიანდა ქვეყანა პანდემიის დროს ერთმანეთის მხარდასაჭერად და იმუშავა კონტინენტზე თავისუფალი ვაჭრობის დასაცავად.
ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, გადადგომის გადაწყვეტილება ოჯახთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ მიიღო.
კანადელი პოლიტიკოსის თქმით, ქვეყანა მომავალ არჩევნებზე რეალურ არჩევანს იმსახურებს და დასძინა, რომ „შიდა ბრძოლებიდან“ გამომდინარე, ის ვეღარ იქნება საუკეთესო კანდიდატი კანადელი ამომრჩევლებისთვის.
როგორც ჯასტინ ტრუდომ განმარტა, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მისთვის ერთადერთი სინანული საარჩევნო რეფორმების განუხორციელებლობაა. მისი თქმით, სურდა კანადელებს არჩევნებზე მეორე და მესამე არჩევანის საშუალება ჰქონოდათ, რაც შეამცირებდა საზოგადოების პოლარიზაციას.
ამასთან, ჯასტინ ტრუდომ კანადის პარლამენტის მუშაობა 24 მარტამდე შეაჩერა, ხოლო არჩევნები 20 ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს.
ჯასტინ ტრუდო ლიბერალური პარტიის ლიდერი გახდა 2013 წელს, როდესაც პარტია ღრმა კრიზისში იყო და, ისტორიაში პირველად, თემთა პალატაში მესამე ადგილზე აღმოჩნდა.
ცნობისთვის, მანამდე მედია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებდა, რომ ლიბერალი პარლამენტარების მზარდმა რაოდენობამ, რომლებიც შეშფოთებული არიან გამოკითხვების უარყოფითი შედეგებით, ტრუდოს საჯაროდ მოუწოდეს გადადგომისკენ.