ჯარში მყოფ პოლიტიკოსზე ერთადერთი ასოციაცია ზელენსკიზე მოგდით, მანდ ჩანს, ვინ არის თქვენთვის საფიცარი, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას.
ეს განცხადება შალვა პაპუაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც თეონა აქუბარდიამ აღნიშნა: „რას ეუბნებით ჯარისკაცებს? ბატონო შალვა, თქვენ რომ იყავით ჯარში წასული სამხედრო მაისურით, ზელენსკის სტილში, რა უთხარით თქვენს ჯარს, რა გააკეთეთ აქ? გააკეთეთ ის, რომ ამერიკული დაფინანსება ქართული ჯარისთვის გაყინული იქნება, ევროკავშირის 33-მილიონიანი დაფინანსება შეიძლება გაიყინოს წელს და გაისად კაცმა არ იცის, რა მოხდება. ამ შემთხვევაში ჩვენი თავდაცვისუნარიანობა იმ ამოცანებს, რასაც შეკავება და თავდაცვა ჰქვია, შეასრულებს თუ არა? ჯარს რას ეტყვით? ამდენი ტყუილები, დეზინფორმაცია, ქვეყნის მტრობა და ღალატი ნორმალური არ არის“.
შალვა პაპუაშვილის თქმით, დეზინფორმაცია ევროპარლამენტმა იკადრა რეზოლუციებში, სადაც სააკაშვილზე საუბრობდა, თუმცა თეონა აქუბარდიას მაშინ ხმა არ ამოუღია.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში სწორედ ევროპული სტრუქტურებიდან, ევროპელი პოლიტიკოსებისა და ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ვრცელდებოდა საქართველოს მიმართ დეზინფორმაცია.
„ქალბატონო თეონა, ბატონ ბორელს ჰყავს პრესსპიკერი, ბატონი სტანო. თქვენც თუ ითავსებთ, თქვენ საქართველოს პარლამენტის წევრი ხართ, არ ხართ არცერთი უცხოელი პოლიტიკოსის პრესსპიკერი და დღეს ოთხი წუთი დახარჯეთ იმაში, რომ საუბრობთ უცხოეთზე. რაც შეეხება დეზინფორმაციას, დეზინფორმაცია ისეთი უნდა, ევროპარლამენტმა რომ იკადრა ოთხ რეზოლუციაში, სადაც სააკაშვილზე საუბრობდა. ხმა ამოიღეთ საერთოდ, საქართველოს წინააღმდეგ ტყუილს რომ ამბობდა ევროკავშირის ერთ-ერთი სტრუქტურა? ევროპარლამენტი ტყუილს რომ ავრცელებდა, თქვენ, საქართველოს მოქალაქემ და პოლიტიკოსმა ხმა ამოიღეთ? არ ამოიღეთ, რადგან თქვენთვის საქართველოს ინტერესი არის ნული, უცხოელებს უყურებთ. ჯარში მყოფ პოლიტიკოსზე ერთადერთი ასოციაცია ზელენსკიზე მოგდით, მანდ ჩანს, ვინ არის თქვენთვის საფიცარი. რა შუაშია თქვენი კომენტარები? ეს აჩვენებს, საერთო ჯამში, დამოკიდებულებას. უსამშობლობა სხვა რამე კი არ არის, ოთხი წუთი საუბრობდა უცხოელი პოლიტიკოსის პრესსპიკერის პოზიციიდან ქალბატონი თეონა და თვითონაც დაადასტურა, მისი პრესსპიკერიც ოფიციალურად ამავეს ამბობსო.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, დეზინფორმაცია ისეთი უნდა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროპული სტრუქტურებიდან, ევროპელი პოლიტიკოსებისა და ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოდიოდა საქართველოზე – ევროპარლამენტის რეზოლუციები, სადაც ეწერა ტყუილი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ რეზოლუციაში სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი იყო ტყუილი. ის, რასაც ავრცელებდა, მათ შორის, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი თუნდაც სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, როდესაც ამბობდნენ, რომ ის მოწამლეს, ტანჯავენ, აწვალებენ და ა.შ. რასაც ავრცელებდნენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რასაც ავრცელებდა ყოფილი სახალხო დამცველი, რომელზეც ევროკავშირის ყოფილი ელჩი ამბობდა, რომ ის ეყრდნობოდა მის დასკვნებს და არა – სახელმწიფოს დასკვნებს სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დადასტურა, რომ ყოფილი სახალხო დამცველის დასკვნა იყო სიყალბე. ამ სიყალბეს ეყრდნობოდნენ თურმე ევროპელი პოლიტიკოსები და ევროკავშირის ყოფილი ელჩი საჯარო განცხადებებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც სანქციების გვერდის ავლაზე იყო საუბარი, აქაც ევროპელი პოლიტიკოსები იყვნენ დეზინფორმაციის გამავრცელებლები.
„დეზინფორმაციის გამავრცელებლები იყვნენ, ასევე, მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები – „დროა“, რომელიც ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდა, რაც დარღვევაა არა მხოლოდ ქართული კანონმდებლობის, არამედ ყველანაირი ევროპული ღირებულების. ქალბატონმა თეონამ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ დეზინფორმაციებზე როდესმე ხმა ამოიღო, ახლა რომ წუხს? დაასახელონ ერთი ფაქტი, როდესაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რაიმე დეზინფორმაცია გავრცელდა ევროკავშირთან დაკავშირებით. ამიტომ უსამშობლობის მთავარი პრობლემა, დიაგნოზი არის, როდესაც აქ, სხდომათა დარბაზში ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსები, რომლებიც უნდა საუბრობდნენ ქართველი ხალხის ინტერესებით და სახელით, გვესაუბრებიან იმ დღის წესრიგით, უცხოელი პოლიტიკოსი რა პრესკონფერენციას ჩაატარებს. არ არსებობს ამაზე მეტი ლუსტრაცია და დასტური, რომ ატარებენ არა ქართველი ხალხის, არამედ უცხო ქვეყნების, პოლიტიკური ჯგუფების გავლენას და ინტერესებს საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.