3 დეკემბერს, საპროტესტო აქციების შედეგად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებებში 15 ადამიანი გადაიყვანეს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გადაყვანილ 15 ადამიანს შორის აქციის 11 მონაწილე, მედიასაშუალების 3 თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 წარმომადგენელია.
„დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20-ზე მეტი ბრიგადა. ადგილზე, სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია.
აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.