“იზრუნეთ საკუთარ თავსა და ახლობლებზე!”- ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

109
spot_img

რუსეთ-უკრაინის ომის 422-ე დღე

უკრაინის დედაქალაქ კიევში, კიევის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, ვინიცის, ლვოვის, ტერნოპოლის, ხმელნიცკის, სუმისა და პოლტავის ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კიევის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ მოსახლეობა „კამიკაძე“ დრონების შესაძლო თავდასხმის შესახებ გააფრთხილა.

“კიევის ოლქი! მტრის დრონებით თავდასხმის საფრთხე. მოვუწოდებთ მოსახლეობას, დარჩნენ უსაფრთხო ადგილებში საჰაერო თავდასხმის სიგნალის დასრულებამდე. იზრუნეთ საკუთარ თავსა და ახლობლებზე!” – აცხადებენ კიევის სამხედრო ადმინისტრაციაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა, ასევე მოუწოდა მოსახლეობას, საჰაერო განგაში არ უგულებელყონ. მისი თქმით კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს.

შეგახსენებთ, 19 აპრილის რუსებმა უკრაინის მასშტაბით „შაჰიდ 136/131“ ტიპის 11 ირანული „კამიკაძე“ დრონი გაუშვეს. უკრაინელებმა 10 მათგანის განადგურება შეძლეს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ფრონტზე აქტიური მოქმედებებისთვის ემზადება და ეს მოქმედებები გარდაუვალია.

“უკრაინის დაცვა – ეს არის ის, რასაც მიეძღვნა მოლაპარაკებები ნატო-ს ხელმძღვანელთან იენს სტოლტენბერგთან. მთელი საერთაშორისო წესრიგის დაცვა წესების საფუძველზე. სიცოცხლის დაცვა. ჩვენ ვემზადებით „რამშტაინის“ შეხვედრისთვის და ბატონი სტოლტენბერგის პოზიცია მნიშვნელოვანია. ვემზადებით აქტიური მოქმედებებისთვის ფრონტზე: ისინი გარდაუვალია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა ემზადება ვილნიუსში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისთვის, რომელიც ზაფხულში გაიმართება.

“ვერც უკრაინელების უმრავლესობა, ვერც ევროპელების უმრავლესობა და ვერც მთელი ნატოს სივრცის მცხოვრებთა უმრავლესობა ვერ გაუგებს ალიანსის ლიდერებს, თუ ამ სამიტზე, ვილნიუსში უკრაინის ალიანსში დამსახურებული პოლიტიკური მიწვევა არ გაჟღერდა. უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი განაცხადი დაკმაყოფილებულიყო. ძნელი სათქმელია, ვის აქვს ჩვენს მეომრებზე უფრო დიდი წვლილი შეტანილი ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. უკრაინელი კაცები და ქალები, რომლებიც თავისუფლებას იცავენ თავიანთი სიცოცხლით. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, ვინც ამ საქმეში გვეხმარება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

სლოვენია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის პროექტს შეუერთდება. სლოვენიის თავდაცვის მინისტრმა, მარიან სარეჩმა ინიციატივაში მონაწილეობის შესახებ შესაბამის შეთანხმებას ხელი ევროპის თავდაცვის სააგენტოსთან უნდა მოაწეროს.

სლოვენიის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს შეთანხმება აყალიბებს პროექტის წევრი ქვეყნების მონაწილეობის ჩარჩოებს და შეიცავს დებულებებს მიზნებთან, ფინანსებთან, ადმინისტრირებასთან, კონტრაქტებთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. იგი ასევე განსაზღვრავს სენსიტიური მონაცემების დაცვას, ახალი წევრების შეერთებას და ა.შ.

ამ დროისთვის, ამ პროექტის მონაწილეა ევროკავშირის 23 წევრი ქვეყანა და ასევე ნორვეგია.

ავსტრიამ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, თითქმის 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მაგნუს ბრუნერმა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან, ბრაიან ნელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“დღეს ვენაში შევხვდი აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ტერორიზმთან და ფულის გათეთრებასთან ბრძოლაში, ბრაიან ნელსონს. სტრატეგიულ ღერძს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის, განსაკუთრებით უკრაინის ომის ფონზე, დიდი მნიშვნელობა აქვს”, – დაწერა ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა „ტვიტერზე“.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეფექტური გამოყენება ავსტრიის, ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესებშია.

„მხარს ვუჭერთ დასავლეთის სანქციებს აგრესორის წინააღმდეგ და ომის დაწყების შემდეგ თითქმის 2 მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური აქტივები გავყინეთ“, – აღნიშნა მაგნუს ბრუნერმა.