„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციები ივნისის ბოლოსთვის იქნება შესრულებული და თუ სამართლიანი შეფასებაც იქნება, გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ დადებითი უნდა იყოს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოლოდინი ოპტიმისტურია, თუმცა შანსები 50/50-ზეა.
„ივნისის ბოლოსთვის ყველა რეკომენდაცია იქნება პირნათლად შესრულებული, აქედან გამომდინარე, თუ იქნება სამართლიანი შეფასება ამჯერად, რა თქმა უნდა, ეს შეფასება ჩვენი ქვეყნის მიმართ იქნება დადებითი. ასეთ შემთხვევაში კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დეკემბერშიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება, თუ, რა თქმა უნდა, იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, განსხვავებით შარშანდელი ივნისის გადაწყვეტილებისგან. ჩვენი მოლოდინი ამ კუთხით არის ოპტიმისტური, თუმცა ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შანსები არის 50/50-ზე.
ივნისში დასრულდება ყველა რეფორმის განხორციელება 12 პუნქტის შესაბამისად. რაც შეეხება დეპოლარიზაციას, დეპოლარიზაცია ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები. პირველ რიგში, რადიკალურმა ოპოზიციამ. პოლარიზაციის ქვეშ სინამდვილეში რადიკალიზმი იფუთება. პოლარიზაციაში გულისხმობენ რას, ვიღაცამ უნდა გირტყას ფეხებში და შენ არ უნდა გქონდეს ამაზე რეაქცია. დეპოლარიზაცია არის ის, როცა რადიკალები წყვეტენ რადიკალურ ქმედებებს და ასეთ დროს, ბუნებრივია, ხელისუფლებას არანაირი ინტერესი არ აქვს თვითონ იმოქმედოს რადიკალურად“, – განაცხადა კობახიძემ.