ევროკავშირის ქვეყნების ელჩები, გუშინ, ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საფრანგეთის, ლიეტუვის, იტალიის, ხორვატიის, პოლონეთისა და ჩეხეთის ელჩები იმყოფებოდნენ.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ელჩებმა მინისტრს რუსეთთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით დემარში გადასცეს.
როგორც ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკი ლევან დავითაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მან საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს გადასცა ევროკავშირის ქვეყნების პოზიცია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხზე.
„შეხვედრაზე თან მახლდა თბილისში მყოფი ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩი. ჩვენ გადავეცით, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, მიიღონ პირდაპირი ფრენები რუსეთიდან. ჩვენ გადავეცით, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება 27-ვე წევრი ქვეყნის ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ არ ჰქონდეთ პირდაპირი ფრენები რუსეთში და რუსეთიდან, არ დაუშვან რუსული თვითმფრინავების მიერ ევროკავშირის საჰაერო სივრცის გადაკვეთა. ჩვენ ასევე გამოვთქვით შეშფოთება, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებას, იზოლაციაში მოვაქციოთ რუსეთი და ზეწოლა განვახორციელოთ მასზე, რათა შევცვალოთ რუსეთის ქცევა, როდესაც საქმე ეხება სასტიკ, აგრესიულ ომს, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე განაგრძობს უკრაინაში. მართალია, რომ ეს იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება აღედგინა ფრენები საქართველოსთან, თუმცა ეს ასევე საჭიროებდა შეთანხმებას საქართველოს მთავრობის მხრიდან. სწორედ ამიტომ, მე დამავალეს გადამეცა გზავნილი ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისგან, რომ ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს პირდაპირი ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ლევან დავითაშვილის თქმით კი, შეხვედრაზე ძალიან ღია და გულწრფელი დიალოგი იყო იმ საკითხებზე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის აქტუალურია.
„თქვენ იცით, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გამოთქვეს მოსაზრება საქართველოში ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და ზუსტად ეს იყო ძირითადი განხილვის საგანი. თუმცა ჩვენ ზოგადად არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ვიმსჯელეთ. ვიმსჯელეთ, რომ საქართველოს მდგომარეობა და ვითარება არ შეიძლება, განხილული იყოს იმავე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნების მდგომარეობა. საქართველოს განსაკუთრებით რთული მდგომარეობა აქვს. ჩვენს ქვეყანას აქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან და ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული, ასე რომ, საქართველოს კონტექსტი განსხვავდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონტექსტისგან და ამაზე ღია საუბარი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან, ელჩებთან. ვფიქრობ, ბევრი ელჩისთვის ეს აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკურია,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შესაძლოა თუ არა რუსეთთან ფრენების აღდგენამ კანდიდატის სტატუსზე იმოქმედოს? ელჩებისა და ლევან დავითაშვილის შეხვედრა “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ შეაფასა.
მისი თქმით, კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ მიზანი, რომელიც ქვეყანამ დაისახა ძალიან მნიშვნელოვანია.
“როდესაც მიზანს ისახავ, იქ გარემოებებს უნდა გაუწიო ანგარიში. ასე, “მე ვარ და ჩემი ნაბადი” – ეს ქართული ამპარტავნება ხშირ შემთხვევაში არ ამართლებს. ეს ეხება, როგორც წინა, ისე დღევანდელ ხელისუფლებას. აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენი მიზნის მისაღწევად საჭიროა სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა და შეთანხმებულად მოქმედება. შენ თუ ამ პარტნიორობაზე უარს ამბობ, რა თქმა უნდა, ამ მიზნის მიღწევა გაჭირდება. თანამედროვე მსოფლიო საერთაშორისო თვალსაზრისით ამ მხრივ ძალიან მკაცრია. არ მოგცემს საშუალებას შენს ჭკუაზე იყო, ბევრ გარემოებას უნდა გაუწიო ანგარიში. შესაბამისად, როდესაც აშშ და ევროკავშირი რაღაცას გეუბნება, ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც ამ ქვეყნების პოზიციაზე ბევრად არის დამოკიდებული. შესაბამისად, მათ შეძლებისდაგვარად ანგარიში უნდა გაუწიო, ეს კი შედეგებს მოიტანს და ამისთვისაც მზად უნდა იყო. არ მგონია ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ქვეყნის არაფორმალური მმართველია ეს არ იცოდეს,”– აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.
როგორც პოლიტოლოგი ჩვენთან საუბარში განმარტავს, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ისეთი პოლიტიკა აირჩია, რომელიც ქვეყნისთვის დამაზიანებელია.
“ივანიშვილის ეს ტაქტიკა, რომ „მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ, ვიქნები თანმიმდევრული“ – ამის გამართლება ქვეყნის ეროვნული ინტერესებით, მთლად მისაღები არაა. არც ის არის ქვეყნისთვის სასარგებლო, როდესაც ბოლო 10 წელია, ივანიშვილი გვთავაზობს დილემას – ან მე, ან სააკაშვილი. მან კარგად იცის, რომ ქართველი საზოგადოებისთვის მიუღებელია „ნაციონალების“ ნებისმიერი ვარიაციით დაბრუნება. მეორე მხრივ ქართული საზოგადოება და პოლიტიკური კლასი მიიჩნევს, რომ არც ის ვარგა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ერთი და იგივე პერსონა და მისი პოლიტიკური ძალა ქვეყანას 10-20 წელი მართავდეს.
მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ მივდივართ არა ევროპული დემოკრატიის გზით, არამედ დაახლოებით, ისეთი დემოკრატიისკენ როგორიც თურქეთშია, აზერბაიჯანსა და რუსეთშია, რაც ამ ქვეყანას არ წაადგება. ეს კი ივანიშვილმა, როგორც გონიერმა კაცმა უნდა იცოდეს, რომ ქვეყანასა და საზოგადოებას დაეკითხოს აზრი. მარტო პარტიული აქტივის მიერ მისი ლოზუნგების გადამღერება გამოსავალი არ არის,”– განაცხადა ვაჟა ბერიძემ.
/ ნინო ოთარაშვილი /