ივანიშვილის მორიგი ბლეფი თუ „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა? – რას წერს „ამერიკის ხმა“

24
spot_img

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ივანიშვილის მორიგი ბლეფი თუ „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა?“, რომელშიც განხილულია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა და პარტიის მიერ გაცხადებული ზოგიერთი პროგრამული განზრახვის, მათ შორის „საკონსტიტუციო უმრავლესობით“ ხელისუფლებაში დარჩენისა „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის’ ურთიერთკავშირი.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა მორიგი წინაასაარჩევნო კამპანია მცხეთაში ომით დაიწყეს, რომ ოლიგარქმა პარტიულ აქტივს მიმართა და 10 წუთიან გამოსვლაში, პრაქტიკულად, ამომრჩეველს არაფერს დაპირდა. ხელისუფლებაში ყოფნის მეთორმეტე წელს, ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ „გასამართლება-აკრძალვას“ და სექსუალური უმცირესობისთვის უფლებების მკვეთრ შეზღუდვას აპირებს.

მცხეთაში გაისმა კიდევ ერთი, ძალიან ზედაპირული დაპირება, ივანიშვილმა „საკონსტიტუციო უმრავლესობით“ ხელისუფლებაში დარჩენის აუცილებლობა, ტექნიკურად – „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს“ მიაბა.

„მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ვითარება დინამიურად იცვლება, ნებისმიერ დროს შეიძლება დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დადგეს, რა დროსაც საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა გახდება აუცილებელი“ – ბრძანა ოლიგარქმა, რომელიც ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის „ომი მომავალ წელს აუცილებლად დასრულდება“.

ივანიშვილს ბუნებრივია არ დაუკონკრეტებია, რა პირობებში მოახერხებს „ოცნება“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? დასავლეთისგან საბოლოო დისტანცირებით და რუსეთთან დაახლოებით? უკრაინაში რუსეთის გამარჯვების თუ დამარცხების შემთხვევაში? არსებობს თუ არა გასაიდუმლებული დიალოგი პუტინთან, საიდუმლო პროექტი და თუ არსებობს რა პირობებით? – ეს კითხვები უპასუხოდ რჩება.

„ოცნება“ ეს თაღლითი მოთამაშე, პოლიტიკურ ასპარეზზე ნერგავს ცრუ პროექტებს“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ კავკასიოლოგმა მერაბ ჩუხუამ. თსუ-ს პროფესორმა გვითხრა, რომ ეს პირდაპირ აგონებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიას „გარეჯი საქართველოა“, რომელიც „ოცნებამ“ ასეთივე ცრუ პროექტით მოიგო.

“პრაქტიკულად, ეს არის „გარეჯი-2“. მაშინ გახსოვთ, რუსეთის სპეცსამსახურებთან დაახლოებული, რუსი ბიზნესმენის დავით ხიდაშელის მიერ ვითომ მოსკოვის არქივებში ნაპოვნი „რუკით“, რომლითაც თითქოს დასტურდებოდა რომ გარეჯის ნაწილი საქართველოა, წარმოუდგენელი საინფორმაცო შტურმი განხორციელდა ამომრჩეველზე. მაგრამ, როგორც კი „ოცნებამ“ არჩევნებში გამარჯვება გაინაღდა, გარეჯის პრობლემა არც კი გახსენებიათ, არც აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შეხვედრებზე წამოუწევიათ”, – ამბობს მერაბ ჩუხუა.

„ახლა უფრო მსხვილ თაღლითურ პროექტს გვთავაზობენ, აფხაზეთი ვითომ ნაყიდი აქვს „ოცნებას“, რუსეთთან შეთანხმება გაფორმებულია და ეს არის აფხაზეთი დაბრუნდება. ეს ვინ მოიტანა, რომ აფხაზეთის დაბრუნება „ოცნების“ სურვილზეა დამყარებული?

აფხაზეთის ინტეგრირება ქართულ სახელმწიფოში მხოლოდ ქართულ-აფხაზური, მხოლოდ ქართულ-კავკასიური და მხოლოდ ქართულ-დასავლური ერთდროული, კომპლექსური ძალისხმევით არის შესაძლებელი, რუსეთზე ზეწოლის გზით“ – მიაჩნია მერაბ ჩუხუას, რომელიც თვლის რომ ივანიშვილის მიერ არჩევნებამდე ორი თვით ადრე, „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის“ წამოწევა, უბრალოდ, ხმების მობილიზებაზე გათვლილი, პოლიტიკური ბლეფია.

ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მორიგ „ტრიუკს“ და „ბლეფს“ უწოდებს „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის“ თემის, „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის საკითხთან მიბმას, უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის ცენტრის (UGSPN) ანალიტიკოსი გიორგი ბილანიშვილიც.

„იმაზე საუბარი, რომ რუსეთმა შეიძლება საქართველოს დაუბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები, მე რასაც ვაკვირდები, უფრო ინტენსიურად, სოხუმში, ცხინვალში და მოსკოვშია, თუმცა, ჩვენთანაც უკვე გვეუბნებიან, ზოგჯერ ექსპერტები, ზოგჯერ პოლიტიკოსები, ოღონდ რაღაც შერბილებული ფორმით.

რამ შეიძლება საქართველოს საზოგადოების, ჩემნნაირი ადამიანების განწყობა შეცვალოს, რომელიც თვლის რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მომავლისთვის არის ეროვნული ინტერესების ამოცანა და არის ყველაზე მნიშვნელოვანი?

ერთადერთი საკითხია, სხვა საკითხი არ არსებობს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რუსეთის დახმარებით, სინამდვილეში, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა ბლეფია! რად უნდა ამას ლაპარაკი, რომ ბლეფია! მაგრამ, ეს თემა თანდათანობით, უფრო გააქტიურდება“ – მიაჩნია UGSPN-ს ექსპერტ გიორგი ბილანიშვილს.

რუსეთში ამჯერად, 26 მაისისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას საქართველოს „ტერიტორიულ მთლიანობის შესაძლო აღდგენასთან“ დაკავშირებით, ჯერჯერობით, პუტინის ხელისუფლებიდან არავინ გამოხმაურებია.

დამოუკიდებლობის დღეს, როცა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ბრძანა, რომ საქართველო გადის „ერთგვარ მოსეს გზას“, რომელიც აუცილებლად მიიყვანს ქვეყანას „აღთქმულ მიწამდე“ ანუ გაერთიანებამდე, მაშინ მოსკოვში საპასუხოდ განაცხადეს, რომ ეს „ფანტაზია“ და „ეშმაკისეული მსჯელობაა“.

წყარო