„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში რუსული „ომონი“ შემოიჭრა სასამართლოს განჩინების გარეშე – აქედან გაიტანეს საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ფიზიოლოგიური ხსნარი და სხვა სამედიცინო საშუალებები, მაგრამ რა შემოიტანეს, არ ვიცით – ეჭვი გვაქვს, შემოიტანეს ნივთები, რომლითაც ახლა სახელმწიფო გადატრიალებას დაგვაბრალებენ , – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბოკუჩავა დღეს განვითარებულ მოვლენებს ტოტალურ რეპრესიებს უწოდებს.
„ივანიშვილი მშვიდობას ჰპირდებოდა და ომი გამოუცხადა ქართულ საზოგადოებას; ევროპას ჰპირდებოდა და რუსეთში გავიღვიძეთ. დღეს ადგილი ჰქონდა და აქვს ტოტალურ რეპრესიებს პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. ადამიანებს აკავებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ აქვთ თავდაცვითი საშუალება, როგორიცაა ნიღბები, რომ თავი დაიცვან მხუთავი გაზისგან და ძალადობისგან, რასაც უკვე მე-7 დღეა ვხედავთ თბილისის ქუჩებში. დღეს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში რუსული „ომონი“ შემოიჭრა სასამართლოს განჩინების გარეშე, რაც არის სრული უკანონობა. არაერთხელ მოვითხოვეთ განჩინების წარმოდგენა, რაც არ გააკეთეს სპეცოპერაციის დამთავრების დროსაც კი. ისინი შემოვარდნენ ჩვენს ოფისში და აქ მყოფ 5 ახალგაზრდას ჩამოართვეს ტელეფონები, არ შემოუშვეს იურისტები და არ შემიშვეს არც მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე და უფლებამოსილი პირი. ჩხრეკის დროს არცერთი მოწმე არ იმყოფებოდა ოფისში და ჩვენი 5 ახალგაზრდის დაჭრის შემდეგ სამართალდამრღვევები, „ომონის“ კრიმინალური დაჯგუფება იმყოფებოდა სრულიად მარტო. მათ გაიტანეს აქედან საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ისევე როგორც ფიზიოლოგიური ხსნარი და სხვა სამედიცინო საშუალებები, რომელსაც 2 დღის განმავლობაში ჩვენ მიერ ორგანიზებულ წითელ კარავში ვიყენებდით ადამიანების დასახმარებლად, მაგრამ რა შემოიტანეს არ ვიცით. ეჭვი გვაქვს, შემოიტანეს სწორედ ის ნივთები, რომლითაც ახლა სახელმწიფო გადატრიალებას დაგვაბრალებენ. ეს არის ფალსიფიცირებული კადრები, რომელსაც გაჩვენებენ, რომლის ავთენტურობასაც არავინ დავიჯერებთ და ის მეთოდია, რასაც იყენებს ვლადიმერ პუტინი და მისი მსგავსი ავტოკრატები ავტოკრატიულ სახელმწიფოებში. ასე გამოიყურება გარუსებული საქართველო, მაგრამ ჩვენ საქართველოს ივანიშვილს არ დავუთმოთ. დაკავებულია 5 ახალგაზრდა – საბა ბირკაია, მიშო ჯანიკაშვილი, ვახტანგ გაგნიძე, დავით გედენიძე, ირაკლი არდია. ჩვენთვის მთავარია მათი გათავისუფლება, ისევე როგორც ასეულობით სხვა ახალგაზრდის გათავისუფლება, ვისაც უკანონოდ აკავებს ივანიშვილის „ომონი“. მე დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში. ჩვენი ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.