იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ ტყეშელაშვილის განცხადებით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში, ამ დროისთვის, რეგისტრაცია 233-მა ორგანიზაციამ გაიარა.
აღნიშნული ინფორმაცია მან საკონსტიტუციო სასამართლოში გააჟღერა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა მიმდინარეობს.
მისი თქმით, ქვეყანაში 30 000-მდე ორგანიზაცია არსებობს.
„ამ წუთის მონაცემებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის 233 ორგანიზაციას აქვს მომართული, რეგისტრაციისთვის. კიდევ არის დრო. დღეის მდგომარეობით, 30 000-მდე ორგანიზაციაა ქვეყანაში, თუმცა აქ შედის სახელმწიფო ა(ა)იპი-ები, ფედერაციები და ასე შემდეგ. დასათვლელია ე.წ. მკვდარი ორგანიზაციები, რომლებსაც ბრუნვა არ უფიქსირდებათ. კონსულტაციებთან და დეკლარაციების გაურკვევლობასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრი ძალიან მოწადინებულია, რომ ხალხს დაეხმაროს. ჩვენი ვალია, მოქალაქეებს მოვუწოდოთ, რომ აღასრულონ კანონი და ამ კანონის შესრულებაში ხელი შევუწყოთ“, – განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.