ისტორიაში ჩაიწერება, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა არ შეიწყალა მე-3 პრეზიდენტი, რომელმაც ევროპის დროშა პირველად აღმართა – თინა ბოკუჩავა

6
spot_img

ისტორიის ფურცლებზე აუცილებლად დაიწერება, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, რომელმაც რუსული საოკუპაციო რეჟიმისთვის ევროპის დროშით წინააღმდეგობა სცადა, არ შეიწყალა მე-3 პრეზიდენტი, რომელმაც ევროპის დროშა საქართველოში პირველად აღმართა – ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან ერთად, დღეს სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს პასუხისმგებლობას ამ ისტორიულ უსამართლობაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინათინ ბოკუჩავამ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილი რომ შეეწყალებინა, დღეს მოსამართლე მის მიმართ შეკრებითობის პრინციპს ვერ გამოიყენებდა.

„მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ დღეს გამოტანილ განაჩენს. მოსამართლედ წოდებულმა, ივანიშვილის მსახურმა, მიხეილ ჯინჯოლიამ შეკრებითობის პრინციპით 12.6 წელი პატიმრობა მიუსაჯა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. პრეზიდენტს, რომელმაც საქართველო დააბრუნა საერთაშორისო რუკაზე, რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები და რომელმაც, რაც მთავარია, მტერს არ ჩააბარა ჩვენი სამშობლო 2008 წელს. შეკრებითობის პრინციპის გამოყენება, ყველაზე მძიმე შესაძლო სასჯელის დაკისრების მიზნით, ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვისაც კი უპრეცედენტოდ ჯალათური და რეპრესიული გადაწყვეტილებაა, რაც მოწმობს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კვლავ რჩება ივანიშვილის მთავარ მტრად და მოწინააღმდეგედ. გარდა ამისა, დღეს მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ არ შეეწყალებინა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სალომე ზურაბიშვილის მიმართ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საერთაშორისო აქტორების, მათ შორის, ევროპარლამენტის მხრიდან კონკრეტული მოწოდების მიუხედავად, რომ შეეწყალებინა პრეზიდენტი სააკაშვილი, არ გამოიყენა მის ხელთ არსებული კონსტიტუციური შეწყალების ბერკეტი. მისი მთავარი არგუმენტი შეწყალების ინსტრუმენტის არ გამოყენებაზე იყო, რომ შეწყალების აქტი არ განაპირობებდა პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებას. დღეს დადასტურდა, რომ გარდა მორალური და პოლიტიკური განაცხადისა, რაზეც ბევრჯერ გვისაუბრია, მისი შეწყალების გადაწყვეტილებას პრაქტიკული და რეალური შედეგიც ექნებოდა. დღეს მიხეილ ჯინჯოლია შეკრებითობის პრინციპს ვერ გამოიყენებდა, ვინაიდან ყველა მისჯილ საქმეზე სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტით გაქარწყლდებოდა მსჯავრი და შესაბამისი პატიმრობის წლებიც. ამიტომ დღეს სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს პასუხისმგებლობას ამ ისტორიულ უსამართლობაზე ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან ერთად.

ვინც რას არ უნდა ფიქრობდეს დღეს და რა პოლიტიკური გემოვნების ტყვეობაში იღებდეს გადაწყვეტილებებს, საქართველოს ისტორიის ფურცლებზე აუცილებლად დაიწერება, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, რომელმაც რუსული საოკუპაციო რეჟიმისთვის ევროპის დროშით წინააღმდეგობა სცადა, არ შეიწყალა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ევროპის დროშა საქართველოში პირველად აღმართა. ასეა ეს და ამას ვერანაირი პოლიტიკური გემოვნება ვერ შეცვლის.

და ბოლოს, მინდა მივმართო პრეზიდენტ სააკაშვილს: მიშა, ამ ბრძოლაში შენი, თითოეული პოლიტპატიმრისა და საქართველოს თავისუფლებისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვართ და ვიქნებით ისეთი ერთიანი, როგორც არასდროს და ჩირაღდნად გვექნება შენი დღევანდელი სიტყვები – „ვიბრძვით და ვიმარჯვებთ“, ეს არის ერთადერთი გზა. დიდება თავისუფლებას! დიდება საქართველოს! თავისუფლება მიშას და ყველა პოლიტპატიმარს!“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა.