
ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა აკრძალა, რადგან „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირველი ეტაპი ამოიწურა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, „ჰამასი“ ამ დრომდე უარს ამბობს დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის დროებით გახანგრძლივების წინადადებაზე.
„მძევლების შეთანხმების პირველი ფაზის დასრულების და უიტკოფის გეგმის მიღებაზე „ჰამასის“ მხრიდან უარის ფონზე, რომლის მიღებასაც ისრაელი დათანხმდა, პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ გადაწყვიტა, რომ დღეს დილიდან ღაზას სექტორში საქონლისა და მარაგის ყველა შესვლა შეწყდეს. ისრაელი არ დაუშვებს ცეცხლის შეწყვეტას ჩვენი მძევლების გათავისუფლების გარეშე. თუ „ჰამასი“ განაგრძობს უარის თქმას, ამას შემდგომი შედეგები მოჰყვება“, – აღნიშნულია ნეთანიაჰუს განცხადებაში.
მანამდე, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ ისრაელი მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის წინადადებას ღაზაში, რამადანისა და პასექის დღესასწაულების პერიოდში, ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ.
შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის პირველი ეტაპის ვადა, რომელიც ძალაში 19 იანვარს შევიდა, შაბათს ამოიწურა. შეთანხმებამ შეაჩერა 15-თვიანი ბრძოლა „ჰამასსა“ და ისრაელს შორის. პირველი ეტაპის დროს „ჰამასმა“ ისრაელს 33 ისრაელელი და ხუთი ტაილანდელი მძევალი გადასცა, რის სანაცვლოდაც, ისრაელმა 1 900 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. ვარაუდობენ, რომ ღაზაში დარჩენილია 24 ცოცხალი და 39 გარდაცვლილი მძევალი.