ისრაელმა ბეირუთის ცენტრალურ ნაწილს დაარტყა, დაიღუპა ექვსი ადამიანი

7
spot_img

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ცენტრალური ნაწილი დაბომბა, რის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა, – ინფორმაციას Reuters-ი ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელმა განაცხადა, რომ მან ზუსტი საჰაერო დარტყმა განახორციელა ბეირუთზე. Reuters-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ მასიური აფეთქების ხმა გაიგონეს. უსაფრთხოების სამსახურის წყარომ კი სააგენტოსთან საუბარში განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე ბეირუთის ცენტრში, პარლამენტთან ახლოს მდებარე შენობა იყო.

სამი რაკეტით დაარტყეს ასევე ბეირუთის სამხრეთ ნაწილს, დაჰიეს გარეუბანს, სადაც ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა.

ლიბანის მთავრობის სტატისტიკის თანახმად, ლიბანში 1 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 9 000-ზე მეტი დაიჭრა საზღვრისპირა ბრძოლების დაწყების შემდეგ, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, აქედან უმეტესობა ბოლო ორ კვირაში დაფიქსირდა.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნაჯიბ მიქათმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმების გამო, დაახლოებით 1.2 მილიონი ლიბანელი იძულებით გადაადგილდა.