ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმმა დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინში მდებარე საავადმყოფოში „ჰამასის“ სამი მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასის“ მებრძოლები ქალაქ ჯენინში, იბნ სინას საავადმყოფოში იმალებოდნენ და ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს გეგმავდნენ.
მათივე ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი სამიზნე, 27 წლის მუჰამედ ჯალამანა 7 ოქტომბრის მსგავს თავდასხმას გეგმავდა და საზღვარგარეთ „ჰამასის“ შტაბ-ბინასთან მუდმივ კონტაქტში იყო.
„ჯალამანა უახლოეს ვადებში თავდასხმის განხორციელებას გეგმავდა და საავადმყოფოს, როგორც სამალავს ისე იყენებდა, შესაბამისად, ამის აღკვეთა მოხდა. უსაფრთხოების ძალები ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ იმოქმედებენ, რომელიც ისრაელის მოქალაქეებს უქმნის საფრთხეს“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.