ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე საჰაერო იერიშები განაახლა. როგორც „ცახალის“ მეთაურობა აცხადებს, მათი სამიზნე „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებია.
ისრაელმა „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაურის ლიკვიდაცია მოახდინა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის არმია ადასტურებს.
„ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ღაზას სექტორში „ისლამური ჯიჰადის“ სარაკეტო ძალების მეთაურის, ალი გალის ლიკვიდაცია მოახდინა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის დროს დაიღუპა „ისლამური ჯიჰადის“ კიდევ ორი წევრი“, – ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.
ვითარება ისრაელსა და პალესტინურ ანკლავს შორის 2 დღის წინ დაიძაბა. დაღუპულია 21 და დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი. ისრაელში კი აცხადებენ, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 270 რაკეტა ისროლეს. 3 რაკეტა დასახლებულ რაიონებში ჩამოვარდა. რაკეტების დიდი ნაწილი ისრაელის თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა.