„ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე დისტანციური მართვის ბომბით მოკლეს, რომელიც თეირანის სასტუმროში ორი თვის ადრე ფარულად შეიტანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
ამერიკული გამოცემა ირანელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კუთვნილ შენობაში ფარულად შეიტანეს და ისმაილ ჰანიეს ოთახში ყოფნის დროს აამოქმედეს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რეზიდენციაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.
ოფიციალური შეფასებით, აფეთქებამ ჩაამსხვრია ფანჯრები და ჩამოანგრია შენობის კედლის ნაწილი, თუმცა თავად შენობას მინიმალური ზიანი მიადგა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სარაკეტო დარტყმა ნაკლებად სავარაუდოა.
ირანული წყაროს ინფორმაციით, თავდასხმის სიზუსტე ჰგავდა დისტანციური მართვის ავტომატს, რომელიც ისრაელის დაზვერვის სამსახურის, „მოსადის“ გუნდმა 2020 წელს ირანელი ბირთვული მეცნიერის, მოჰსენ ფახრიზადეს მოსაკლავად გამოიყენა.
ისმაილ ჰანიეს მკვლელობაზე ისრაელი ოფიციალურად არ საუბრობს, თუმცა, დასავლური მედიის ცნობით, ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებმა შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის სხვა მთავრობებს მაშინვე აცნობეს ოპერაციის დეტალების შესახებ.
სასტუმრო სახლი გამოიყენება დასასვენებლად, ფარული შეხვედრებისთვის და გამოჩენილი სტუმრების დასაბინავებლად.