ისინი ითხოვენ, რომ ჩვენ დავთმოთ ის ცივილიზაციური საწყისები, რომლებიც გვაქვს – ბიძინა გიორგობიანი ბრიუსელზე

10
spot_img

ბრიუსელის მოთხოვნის საპასუხოდ, რომელიც გამჭვირვალობასთან და ოჯახური ღირებულებების დაცვასთან დაკავშირებული კანონების გაუქმებას გულისხმობს, ხელისუფლებას თვითმმართველობის არჩევნებზე პლებისციტის ჩატარებისკენ მოუწოდებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ნეიტრალური საქართველო“.

როგორც მოძრაობაში განმარტავენ, კითხვა შემდეგნაირად უნდა ჩამოყალიბდეს – ხართ თუ არა მომხრე, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ, გაწევრიანდეს ქვეყანა ევროკავშირში.

„ეს მოთხოვნები გახდა ჩვენი ინიციატივის საფუძველი, რომ ჩაგვეტარებინა პლებისციტი – ნაცვლად იმისა, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიის ინსტრუქციებით და მოქმედებებით ვიხელმძღვანელოთ და ვიცხოვროთ, დავუბრუნდეთ პირდაპირ დემოკრატიას და ვკითხოთ საქართველოს მოქალაქეებს, სურთ თუ არა მათ იმ ინსტრუქციებით იცხოვრონ, რომლებიც ბრიუსელიდან მოდის და რომლებიც მოითხოვენ ჩვენგან სუვერენიტეტის დათმობას, ვიდრე ჩვენთან ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

7 რეზოლუციაა მიღებული საქართველოს წინააღმდეგ. ეს არ არის რეზოლუციები პოლიტიკურ ან ეკონომიკურ პირობებზე. ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციები, რომლებშიც გარკვევით არის აღნიშნული, რომ საქართველომ უნდა გაიწვიოს ესა თუ ის კანონი. განსაკუთრებული გართულება აქვთ ამ ორ კანონზე, რომლებიც ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელია. ისინი ითხოვენ, რომ ჩვენ დავთმოთ ის ცივილიზაციური საწყისები, რომლებიც გვაქვს“, – აღნიშნა მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა.

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ბრიუსელი საქართველოს გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას სთხოვს – წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება.

საპასუხოდ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ინიციატივით გამოვიდა. საზოგადოებრივი მოძრაობის განცხადებაში აღნიშნულია: „მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა – ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება“.