“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები არაფრიდან ცდილობენ საპროტესტო მუხტის აწევას, თუმცა ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს საარჩევნო პროცესში დარღვევებთან დაკავშირებით.
მისივე განმარტებით, ოპოზიციის მხრიდან საპროტესტო მუხტის აგორების შანსი არის ნულის ტოლფასი.
“ეს არის კითხვა, რომელზეც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, ისინი არაფრიდან, ნულიდან ცდილობენ საპროტესტო მუხტის აწევას. ნულია მათი პერსპექტივა იქიდან გამომდინარე, რომ სერიოზულად საუბარიც კი არ შეიძლება. ერთი ფაქტიც კი ვერ დადეს არა თუ გაყალბების, არამედ სერიოზული დარღვევის. იყო რამდენიმე ფაქტი, სულ დაფიქსირდა 3 ფაქტი: პირველი, დადგმული სცენა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, გამოიძიებენ. ის უბანი საერთოდ გაუქმდა; მეორე – სადაც “ლელოს” წარმომადგენელი ცდილობდა ჩაყრას და მესამე – სადაც სამი ბიულეტენი მიაწოდეს ერთდროულად. ამაზე მტკიცებულებები უკვე გამოქვეყნდა, სამივეზე გახარიას პარტიაა შემოხაზული.
რაც შეეხება ძალადობას, სადაც ყველაზე მეტი ძალადობა დაფიქსირდა, ეს იყო ვაზისუბანი და შემდეგ ისანი, ეს იყვნენ “ნაცმოძრაობის” ზონდერები, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ თბილისში ჩაწერილები. ისინი იყვნენ ახმეტიდან ჩამოსული ადამიანები, რომლებიც “ქართული ოცნების” ამომრჩევლებს სცემდნენ და სრულიად შემთხვევით, იქ “ნაცმოძრაობის” ტელევიზიები აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. არსად, სადაც “ნაცმოძრაობის ტელევიზიები არ იყვნენ, ფოთოლიც კი არ გარხეულა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.