“ის, რაც საქართველოში ხდება, გავლენას ჩვენს სამხედრო კავშირებზეც ახდენს”- “ამერიკის ხმა”“

34
spot_img

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია „Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „ის, რაც საქართველოში ხდება, გავლენას ჩვენს სამხედრო კავშირებზეც ახდენს“, რომელშიც გადმოცემულია ამერიკელი დემოკრატი სენატორის ჯინ შაჰინის თვალსაზრისი საქართველოს ხელისუფლების მოქმედების მიმართ და საერთოდ, აშშ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მთავრობას გონიერებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, საპასუხო ზომების გარეშე არ დარჩება. ცოტა ხნის წინ ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაწესდება სანქციები და ამოქმედდება სავიზო შეზღუდვებიც.

დემოკრატმა სენატორმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონი, “რეალურად არის შექმნილი იმის მიხედვით, რაც რუსეთმა გააკეთა“.
„გვსურს, მკაფიოდ განვუცხადოთ [საქართველოს] ხელისუფლების ამჟამინდელ ლიდერებს, მათ “ქართულ ოცნებას”, რომ მათ ქმედებას შედეგები მოჰყვება,”- ამბობს სენატორი შაჰინი და აქვე განმარტავს, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ფარგლებში, საქართველოში არასამთავრობო სექტორის მუშაობა, ასევე ამერიკული “ენ-დი-აის” (NDI) და “აი-არ-აის” (IRI) მუშაობა შეუძლებელი გახდება.

“ჩვენ ვესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში, ჩვენივე ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტსა და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს, რომლებმაც ასეთი კარგი საქმე გააკეთეს საქართველოში. ისინი გვეუბნებიან, რომ ამ კანონის ფარგლებში, ისინი ვერ შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას. ასე, რომ [ჩვენს მიერ წარდგენილი კანონპროექტით] დაწესდება სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ კანონის მიღებაში,”- აღნიშნავს ჯინ შაჰინი.
სენატორი დემოკრატიული პარტიიდან და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ასევე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მიერ გადადგმული ნაბიჯები გავლენას მოახდენს ამერიკა-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობაზეც.

„როგორც იცით, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა ამერიკელ და ქართველ სამხედროებს შორის, [საქართველოს] დამოუკიდებლობის შემდეგ. გვინდა, ნათლად განვაცხადოთ, რომ ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, გავლენას ახდენს სამხედროებს შორის ამ ურთიერთობებზეც. მართალია, ეს [ჩვენი] საკანონმდებლო ინიციატივა ცალკეა წარდგენილი, თუმცა ის ასევე აისახა თავდაცვის კანონპროექტზე, რომელიც ახლახან გავიდა შეიარაღებული ძალების კომიტეტში”,- ამბობს სენატორი ჯინ შაჰინი.

დემოკრატი სენატორი აქვე განმარტავს, რომ ვაშინგტონის საპასუხო ზომებს ოფიციალური თბილისი უახლოეს პერიოდში იგრძნობს და ეს არ იქნება კარგი “საქართველოს ლიდერებისთვის”.

„იმედი გვაქვს, ეს ძალიან, ძალიან ძლიერი გზავნილი იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ დადგება შედეგები იმის საპასუხოდ, რასაც ისინი აკეთებენ. ეს გავლენას მოახდენს დახმარებაზე, რომელსაც ისინი იღებენ შეერთებული შტატებიდან და ისეთ გავლენას იქონიებს ურთიერთობებზე, რაც [საქართველოს] ლიდერებისთვის სასარგებლო არ იქნება, მითუმეტეს, როცა მათი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას თვალი დასავლეთისკენ უჭირავს, სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი, იყურება ნატოსკენ და ძალზე დადებითადაა განწყობილი შეერთებული შტატების მიმართ,“- ამბობს სენატორი.

ჯინ შაჰინი იმ საკანონმდებლო ინიციატივის სპონსორია, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ყველა იმ ინდივიდუალური პირის მიმართ, რომელთა მიერ გადადგმული ნაბიჯები, საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზას აშორებს.

საკანონმდებლო ინიციატივას სახელად „ქართველი ხალხის“ აქტი, ამ დროისთვის ექვსი სენატორი აწერს ხელს. მათ შორის არიან: სენატორი ჯიმ რიში რესპუბლიკური პარტიიდან; სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიული პარტიის წევრი ბენ კარდინი; სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან პიტ რიკეტსი; სენატორი ლინდსი გრემი რესპუბლიკური პარტიიდან; სენატორი კრის კუნსი დემოკრატიული პარტიიდან და სენატორი რიჩარდ დურბილი დემოკრატიული პარტიიდან.

წყარო: