,,ის, რაც გუშინ საზოგადოებამ იხილა, არის უცხოური სპეცსამსახურების მუშაობის და ტრენინგების შედეგი”- ირაკლი კირცხალია

7
spot_img

როგორც აანონსებდნენ „მშვიდობიან დამხობას“, ასევე, ჩვენ ვუანონსებდით მათ და ვაფრთხილებდით, რომ ნურავის წაუცდება ხელი, რომ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. ვნახეთ მათი ქმედება და პასუხიც მიიღეს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, ის, რაც გუშინ საზოგადოებამ იხილა, არის უცხოური სპეცსამსახურების მუშაობის და ტრენინგების შედეგი.

„ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ თუ რა მცდელობა ჰქონდათ გუშინ გარკვეულ ჯგუფებს. ვნახეთ ეკიპირებული, კარგად გაწვრთნილი ჯგუფები თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებდნენ. ეს არის სწორედ იმ ტრენინგების დამსახურება, რომელი ტრენინგებიც მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის პირდაპირი ხელწერა იმ უცხო სპეცსამსახურების, რომლებიც ღიად, თავხედურად და ჩამოხსნილი ნიღბით მოქმედებენ ქვეყნის გარედან. და ასე ღიად, თავხედურად აგზავნიან აქ დესტრუქციულ და გადატრიალების სცენარებს.

გამოძიება მიმდინარეობს. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. როგორც აანონსებდნენ „მშვიდობიან დამხობას“, ასევე, ჩვენ ვუანონსებდით მათ და ვაფრთხილებდით, რომ ნურავის წაუცდება ხელი, ნურც გაიფიქრებს, რომ რაიმე სახით წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. ვნახეთ მათი ქმედება და პასუხიც მიიღეს. მუშაობს შესაბამისი სამსახურები, საგამოძიებო უწყებები და ნებისმიერი ადამიანი, ეს იქნება ორგანიზატორი თუ უშუალოდ მონაწილე, რომელიც გამოვლინდება და რომელიც ჯერ არ ვიცით და არ არის ცნობილი საზოგადოებისთვის, ყველა, როგორც ვაანონსებდით კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.