ის განცხადებები, რასაც ჟიგიმანტასი და როთი აკეთებდნენ საქართველოს წინააღმდეგ, სრულ საფუძველს გვაძლევს, რომ ისინი საზღვარზე არ შემოვუშვათ, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის არასასურველი პირები, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
„განსაკუთრებით, ლაპარაკი მაქვს ბატონ ჟიგიმანტასზე, რომელიც მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამაგრებული იყო ძებნილი ნიკა მელია, ჩამოვიდა საქართველოში, მივიდა მასთან, გამოუცხადა მხარდაჭერა და უთხრა, რომ მის გვერდით იდგა. ეს ნიშნავდა, რომ მან პირდაპირ გამოგვიცხადა, რომ არ ცნობდა ქართულ სახელმწიფოს, მის კანონსა და სამართალს. ამის შემდეგ იგი წავიდა თურქეთში, სადაც შეხვდა მეორე ძებნილს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მომდგარი იყო საქართველოს საზღვართან და აცხადებდა, რომ აპირებდა საქართველოში შემოსვლას და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. ასეთი ადამიანები საზღვარზე უნდა შევაჩეროთ და ქვეყანაში არ უნდა შემოვუშვათ, მით უმეტეს არასწორი მგონია, როცა ასეთ ადამიანებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო თანამდებობის პირები ხვდებიან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.