ირანთან მჭიდრო კავშირების მიუხედავად, რუსეთი თავს იკავებს, როცა ისრაელი თეირანს უტევს – The New York Times

4
spot_img

 „ირანთან მჭიდრო კავშირების მიუხედავად, რუსეთი თავს იკავებს, როცა ისრაელი თეირანს უტევს. კრემლისთვის პრიორიტეტს უკრაინასთან ომი წარმოადგენს“ – ასეთი სათაური აქვს აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ავტორი, ბერლინელი კორესპონდენტი პოლ სონე განიხილავს და აანალიზებს მოსკოვის დამოკიდებულებას ირან-ისრაელის კონფლიქტის მიმართ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ირანმა რუსეთს უკიდურესად აუცილებელი დრონები მიაწოდა უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, დაეხმარა მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატების ქარხანა აეშენებინა თავის ტერიტორიაზე და, რაც მთავარია, მიმდინარე წელს ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა  ხელი მოაწერა მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან ერთად ახალ ხელშეკრულებას სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს თავდაცვის სფეროშიც ფართო კავშირები აქვთ.

ხუთი თვეც არ გასულა ხელშეკრულების გაფორმებიდან, როცა ირანის მთავრობა სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა ისრაელის თავდასხმის გამო. და რას შვრება კრემლი? მოსკოვიდან, სატელეფონო ზარისა და ისრაელის აგრესიის დაგმობის გარდა, თეირანში სხვა არაფერი ისმის.

ირანის ბირთვული და ენერგეტიკული ობიექტები დაზიანდა ან სრულიად განადგურდა, ბევრი ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანი მოკლულია, ირანის არმია და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სარდლების გარეშეა დარჩენილი, ამ დროს კი არანაირი ნიშანი არ ჩანს იმისა, რომ მოსკოვი თეირანს რაიმეში დაეხმარება.

„რუსეთმა, როცა საქმე ირანს ეხება, უნდა აწონ-დაწონოს ისრაელთან და აშშ-სთან თავისი შეჯახების შესაძლებლობის რისკები. ამიტომაც ირანის დახმარება/გადარჩენა საიმისოდ არ ღირს“, – ამბობს ნიკიტა სმაგინი, რუსეთ-ირანის ურთიერთობების ექსპერტი, – „რუსეთისათვის ირან-ისრაელის ომი მხოლოდ ფაქტს წარმოადგენს“.

ანალიტიკოსების აზრით, შექმნილი სიტუაცია აჩვენებს მოსკოვის მიუკერძოებელ და პრაგმატულ პოლიტიკურ გათვლას, რომლის მიხედვით, უპირატესობა ენიჭება საკუთარ ომს უკრაინასთან და იმას, რომ აუცილებელია თბილი ურთიერთობების შენარჩუნება სხვა ახლოაღმოსავლელ პარტნიორებთანაც, რომლებიც მოსკოვს დასავლური ეკონომიკური სანქციების გადატანაში ეხმარებიან.

ანალიტიკოსების ვარაუდით, ვლადიმერ პუტინს არ სურს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. კრემლს უნდა, რომ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა გააუმჯობესოს – იმ ტრამპთან, რომელიც ირანს ბირთვული გარიგების დადებისაკენ მოუწოდებს, ისრაელის შეტევის შეწყვეტის მიზნით. რუსეთი ომის საწინააღმდეგო მკვეთრი პრაქტიკული მოქმედებისაგან თავს იკავებს, რადგან მას აწყობს ნავთობის ფასის ზრდა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ვლადიმერ პუტინი საეჭვოა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში და არც იმას არ შეეცდება, რომ თეირანი აქტიურად შეაიარაღოს. ეს სიფრთხილე ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ ვაითუ არაბთა გაერთიანებული საემიროები და საუდის არაბეთი დააფრთხოს (ისინი მოსკოვის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან), რომლებიც ირანის გავლენის გაძლიერებას არ მიესალმებიან. გარდა ამისა, კრემლი კიდევ იმის გამო ფრთხილობს, რომ მისი ძალები უკრაინასთან ომით არიან შებოჭილნი.

სწორედ ამიტომ მოსკოვი მშვიდობის მსურველი სახელმწიფოს პოზიციას იკავებს (!) და ისრაელს და ირანს მოლაპარაკებისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტისაკენ მოუწოდებს.

ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ რუსეთი თავის ახლოაღმოსავლურ პოლიტიკას ცვლის? გავიხსენოთ, თუ როგორი აქტიური რეაგირება მოახდინა კრემლმა ათი წლის წინათ, როცა მისი პარტნიორი სირიის რეჟიმი საფრთხის წინაშე დადგა. მაგრამ საბოლოო ჯამში, მოსკოვის მიერ შეტანილი წვლილი წყალში ჩაიყარა და კრემლი რეგიონში გავლენის შესუსტების წინაშე დადგა.

„მოსკოვისათვის რეალური პრობლემა ასეთნაირად გამოიხატება: რამდენად შეუძლია კრემლს  ამჟამად ირანელებს სამხედრო ტექნიკა გაუგზავნოს, როცა მას ომი აქვს უკრაინასთან?“, – ამბობს თომას გრემი, აშშ-ის კვლევითი ცენტრის „საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა დახმარება შესთავაზა ამერიკელ კოლეგას ირანთან მოლაპარაკებაში – ალბათ, შეიძლება იმ მიზნით, რომ დაარწმუნოს თეთრი სახლი – აშშ-სათვის რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება მომგებიანი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ, ვთქვათ, მოსკოვი ვაშინგტონის მოთხოვნას არ შეასრულებს და უკრაინაში ომს არ შეწყვეტს.

როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინი ომის დაწყების დღესვე ესაუბრა ისრაელისა და ირანის ლიდერებს და ამ საუბრის შინაარსი დონალდ ტრამპსაც გაუზიარა.

ალბათ, ამიტომ ბოლო დღეებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიანიშნა, რომ აშშ მზადაა ირანთან მოლაპარაკება გააგრძელოს და, შესაბამისად, მოსკოვისათვის სასურველი იქნება, რომ თეირანი მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს. რუსეთმა ისიც კი ივალდებულა, რომ ირანს გამდიდრებულ ირანს გამოართმევს და თავისთან შეინახავს.

„არის სურვილი გადაიტვირთოს აშშ-სთან ურთიერთობა და რუსები ამერიკელებს ყველა გლობალურ საკითხზე სერიოზული მოსაუბრეების სახით წარუდგნენ, ირანის ბირთვული დოსიეს ჩათვლით – ისე, რომ უკრაინის საკითხს არ შეეხონ“, – ამბობს ჰანა ნოტე, ჯეიმს მარტინის სახელობის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის კვლევითი ორგანიზაციის (კალიფორნიაში) ევრაზიული პროგრამების დირექტორი.

„მაგრამ ასეთი მოქმედებით ვლადიმერ პუტინი რისკავს, რომ ირანელები გაინაწყენოს – ისინი თითქმის აღარ ენდობიან მოსკოვს და შიშობენ, რომ კრემლი თეთრ სახლთან ანტიირანულ გარიგებას დადებს და თეირანს „სარმას გამოსდებს“, – აღნიშნავს ჰანა ნოტე.

ასეა თუ ისე, მოლაპარაკებამდე, როგორც ჩანს,  ჯერ კიდევ შორსაა – მიუხედავად იმისა, რომ კრემლი მისი ხელშეწყობისათვის მზადყოფნას გამოხატავს.

ისრაელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ირანი დააჩოქოს იმ დონემდე, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეცვალოს.

რუსეთმა ბოლო ათეული წლების განმავლობაში ირანთან ისეთი მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა (მილიარდობით ინვესტიციები, ვაჭრობა, იარაღის მიწოდება…), რომ მოსკოვისათვის ძნელი იქნება კავშირების შესუსტება ან მით უმეტეს, მათი გაწყვეტა.

ბოლო დრომდე ვლადიმერ პუტინი ისრაელთანაც მეგობრულ დამოკიდებულებას ინარჩუნებდა, რაც ართულებდა ირანისათვის თანამედროვე მოწინავე იარაღის მიწოდებას. კრემლი ასევე აღრმავებდა თავის ურთიერთობას სპარსეთის ყურის იმ ქვეყნებთანაც, რომლებიც ირანის სამხედრო ძლიერების ზრდას ეწინააღმდეგებოდნენ.

„ირანი რუსეთს ბოლო დროს, უკრაინასთან ომში დახმარების სანაცვლოდ, აქტიურად თხოვდა თანამედროვე თვითმფრინავები და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მიეწოდებინა, მაგრამ კრემლი თეირანის თხოვნას არ ასრულებდა“, – განმარტავს ნიკიტა სმაგინი.

ამჟამად ირანი მთელი ძალების დაძაბვით ცდილობს ისრაელის შეტევებისგან თავი როგორმე დაიცვას. „მთლიანობაში, რასაკვირველია, რუსეთი, რომელიც ირანის დახმარებაზე თავს იკავებს, ძალიან რისკავს, რომ ახლო აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებში პოზიციები შეისუსტოს და რეპუტაცია შეილახოს“, – ამბობს ნიკიტა სმაგინი, – „ეს უეჭველია“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ