ირანში სიკვდილით დასაჯეს ორი მამაკაცი, რომლებიც მსჯავრდებულნი იყვნენ ყურანის დაწვისა და მუჰამადის შეურაცხყოფისთვის, – BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ იუწყება ქვეყნის სასამართლო.
ირანის სასამართლო სისტემას დაქვემდებარებული საინფორმაციო სააგენტო Mizan-ი წერს, რომ იუსეფ მეჰრადსა და სადროლა ფაზელი-ზარეს სოციალურ ქსელებში ათობით ანგარიში ჰქონდათ, რომლებიც „ათეიზმსა და სიწმინდეების შეურაცხყოფისას“ ემსახურებოდა.
ნორვეგიაში დაფუძნებულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ირანის ადამიანის უფლებები“ იუსეფ მეჰრადსა და სადროლა ფაზელი-ზარეს სიკვდილით დასჯა დაგმო და შუა საუკუნეების რეჟიმის სასტიკ ქმედებად შეაფასა.
“იუსეფისა და სადროლას სიკვდილით დასჯა მუჰამედის შეურაცხყოფისთვის არა მხოლოდ შუა საუკუნეების რეჟიმის სასტიკი ქმედებაა, არამედ გამოხატვის თავისუფლების სერიოზული შეურაცხყოფაა”, – განაცხადა ორგანიზაციის დირექტორმა, მაჰმუდ ამირი-მოგადამმა.
„ირანის ადამიანის უფლებების“ მონაცემებით, ირანში, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე სიკვდილით 200-ზე მეტი ადამიანი დასაჯეს.