
ირანი აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს მათი სამხედრო ბაზებისა და გემების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს ირანის მიერ საპასუხო იერიშის ფარგლებში გაშვებული რაკეტებისა და დრონების მოგერიებაში დაეხმარებიან. ამის შესახებ ინფორმაცია დასავლურ მედიაში ირანის სახელმწიფო მაუწყებელზე დაყრდნობით ვრცელდება.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 ივნისს, ირანზე ისრაელის იერიშების პირველი ტალღის შემდეგ Fox News-თან საუბრისას თქვა, რომ “საჭიროების შემთხვევაში” აშშ ისრაელს თავდაცვაში დაეხმარება. პარალელურად, მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ამერიკული ძალები ისრაელს ირანის მიერ საპასუხოდ გაგზავნილი დრონების ჩამოგდებაში ეხმარებოდნენ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 13 ივნისს ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ისრაელს ირანის თავდასხმებისგან დაცვაში დაეხმარებოდა.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ 13 ივნისს განაცხადა, რომ მის შეიარაღებულ ძალებს ისრაელისთვის რაიმე სახის სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ. ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა დეესკალაციის საჭიროებას გაუსვა ხაზი.
ამასთან, The Times-ის ინფორმაციით, გაერთიანებულმა სამეფომ ისრაელის თავდაპირველი იერიშების გეგმის შესახებ წინასწარ არ იცოდა.