“ირანელები შეშფოთებულები არიან დონალდ ტრამპის არჩევით, მაგრამ ზოგიერთებს უხარიათ”-Reuters

6
spot_img

ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „როიტერი“ (Reuters) ავრცელებს სტატიას სათაურით: „ირანელები შეშფოთებულები არიან დონალდ ტრამპის არჩევით, მაგრამ ზოგიერთებს უხარიათ“ (ავტორი – ფარისა ჰაფეზი, დუბაიდან).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დონალდ ტრამპის გამარჯვება უბრალო რიგით ირანელებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია – ზოგიერთებს ეშინიათ, რომ ომის დაწყების რისკი გაიზრდება, ხოლო სხვებს იმედი აქვთ, რომ აშშ-ის მკაცრი პოზიცია ირანში პოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს – უკეთესობისაკენ.

„ძალიან მიხარია, რომ დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ვიმედოვნებ, რომ იგი გააგრძელებს ისლამურ რესპუბლიკაზე ზეწოლას და ეს რეჯიმის კრახს გამოიწვევს“, – უთხრა „როიტერს ტელეფონით 42 წლის დიასახლისმა ზოჰრემ, რომელიც თეირანში ცხოვრობს.
ზოგიერთი ირანელი – მაგალითად, პენსიაზე მყოფი მასწავლებელი ჰამიდრეზა, შიშობს, რომ დონალდ ტრამპის მიერ მოსალოდნელი ეკონომიკური ზეწოლა, თუ იგი ისევ გააგრძელებს თავისი პირველი ვადის – 2017-2020 წლების პოლიტიკას, ირანზე ცუდად აისახება.

მე იმედგაცრუებული ვარ დონალდ ტრამპის არჩევით. გამოდის, რომ ჩვენზე კვლავ ეკონომიკური ზეწოლა განხორციელდება, მატულობს ისრაელთან ომის რისკიც. მოკლედ, მე შეშფოთებული ვარ“, – თქვა 66 წლის ჰამიდრეზამ, რომელიც ირანის ჩრდილოეთ ნაწილში, კასპიის ზღვის ნაპირზე მდებარე ქალაქ რეშტში ცხოვრობს.

„ჩემთვის სულერთია, ვინ იქნება ამერიკის პრეზიდენტი. ჩემი მთავარი საზრუნავი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა. მთავარია, რომ სანქციები მოგვიხსნან და თუ ეს ასე მოხდება, მაშინ შედარებით კარგად ვიცხოვრებთ“, – ამბობს 34 წლის სახელმწიფო მოსამსახურე, სახელად ნადერი, ირანის სამხრეთით მდებარე ქალაქ ახვაზიდან, ორი შვილის მამა.
„მე კმაყოფილი ვარ. დონალდ ტრამპი სერიოზული ლიდერია, რომელიც გავლენას მოახდენს ირანის სულიერ მმართველებზე. ეს კარგი იქნება ირანისათვის, რომელიც დემოკრატიულ მმართველობას საჭიროებს“, – განაცხადა თეირანის უნივერსიტეტის სტუდენტმა, 21 წლის პარასტმა.
ირანელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა თავიანთ საჯარო განცხადებებში განგებ შეამცირეს დონალდ ტრამპის გამარჯვების მნიშვნელობა თეირანის პოლიტიკისათვის, თუმცა შეშფოთებაც შეიმჩნევა – ვაითუ დონალდ ტრამპმა ისრაელის აგრესიულ პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს სრულ უფლებას მისცემს საჰაერო დარტყმა მიაყენოს ირანის ბირთვულ ობიექტებს, განახორციელოს მკვლელობები და ირანის ნავთობმრეწველობის მიმართ სანქციები გაამკაცროს.

ზოგიერთებს აზრით, დონალდ ტრამპი სიფრთხილეს გამოიჩენს ომთან დაკავშირებით: „დონალდ ტრამპი ბიზნესმენია და მან კარგად იცის, რომ იარანი ძლიერია. ირანს შეუძლია ახლო აღმოსავლეთი ჯოჯოხეთად გადააქციოს, თუ მას თავს დაესხმებიან. მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ცვენს რეგიონში ომი არ გაჩაღდეს“, – ამბობს რეზა მოჰამედი, ირანის ნებაყოფლობითი მოლაშქრეების ორგანიზაციის „ბასიჯის“ წევრი, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ისპაანში ცხოვრობს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: