
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია ანალიტიკური სტატია სათაურით “ირან-ისრაელის სამხედრო დაპირისპირება: მოვლენათა განვითარების ყველაზე უარესი სცენარები” (ავტორი – ჯეიმს ლენდეილი), რომელშიც განხილულია კონფლიქტის პერსპექტივა და გაანალიზებულია მისი სავარაუდო სცენარები.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ამჟამად ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მხოლოდ ორი სახელმწიფო მონაწილეობს. როგორც გაერომ, ასევე სხვა ქვეყნებმა დაპირისპირებულ მხარეებს თავშეკავებისაკენ მოუწოდეს, მაგრამ რა მოხდება, თუ მოწოდებებს არცერთი მხარე ყურადღებას არ მიაქცევს, კონფლიქტი გამწვავდება და გაფართოვდება?
ვისაუბროთ მოვლენების განვითარების რამდენიმე სავარაუდო და ყველაზე უარეს სცენარებზე.
აშშ-ის ჩართვა კონფლიქტში
მიუხედავად იმისა, რომ აშშ უარყოფს რაიმე მონაწილეობას ისრაელის მხარდაჭერაში, ირანი აშკარად თვლის, რომ ამერიკელმა სამხედროებმა მოიწონეს, ან უკიდურეს შემთხვევაში, ფარულად და ჩუმად მაინც მხარი დაუჭირეს ისრაელის ავიადარტყმების გეგმას.
ირანს შეუძლია დარტყმები მიაყენოს ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ ობიექტებს, მაგალითად, ისეთებს, როგორებიცაა სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების ბანაკი ერაყში, სპარსეთის ყურეში მდებარე სამხედრო ბაზები და რეგიონში არსებული აშშ-ის დიპლომატიურ მისიები. გარდა ამისა, მართალია, ირანის მხარდამჭერი „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“ ამჟამად დასუსტებულნი არიან (ღაზაში და ლიბანში), მათი სამხედრო დაჯგუფებები ერაყში მწყობრში რჩებიან და ძველებურად საფრთხეს წარმოადგენენ. ირანს შეუძლია ისინი აშშ-ის წინააღმდეგ აამოქმედოს.
ცხადია, აშშ შიშობდა, რომ ასეთი თავდასხმები შესაძლებელია და ამიტომ ვაშინგტონმა რეგიონში პერსონალის ნაწილი შეამცირა, ირანი კი მკაცრად გააფრთხილა, რომ თუ ამერიკის კუთვნილი რომელიმე ობიექტი დაზარალდება, ვაშინგტონი თეირანს საპასუხო დარტყმას მიაყენებს.
როგორ განვითარდება მოვლენები, თუ ირანის სარაკეტო შეტევა თელ-ავივში ან იერუსალიმში, ან ისრაელის სხვა ქალაქებში აშშ-ის მოქალაქეების დაღუპვას გამოიწვევს?
პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ალბათ, კონფლიქტში ჩარევა მოუწევს. სხვათა შორის, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დიდი ხანია ბრალს სდებენ, რომ მას აშშ-ის ჩათრევა სურს ირანთან ბრძოლაში.
სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, ირანის ზოგიერთი ბირთვული ობიექტის მიწისზედა ნაგებობა „აისბერგს ჰგავს“, რომლის დიდი ნაწილი მიწისქვეშ მდებარეობს, დაახლოებით 80-100 მეტრის სიღრმეზე. მაგალითად, ფორდოს ურანის გამამდირებელი ქარხანა. ისრაელს ასეთი ობიექტების გასანადგურებლად იარაღი (ავიაბომბები) არ აქვს. სამაგიეროდ, აქვს ამერიკას. დონალდ ტრამპმა თავის ამომრჩევლებს აღუთქვა, რომ არ დაიწყებს „მორიგ ომს“ ახლო აღმოსავლეთში. ამასთან ბევრი რესპუბლიკელი მხარს უჭერს ისრაელის მთავრობას, რომელიც თვლის, რომ სწორედ ახლაა შესაძლებელი ირანის რეჟიმის დამხობა.
მაგრამ თუ აშშ საომარი მოქმედებების აქტიური მონაწილე გახდება, ეს კონფლიქტის მკვეთრ ესკალაციას ნიშნავს გრძელვადიანი და, სავარაუდოდ, ძალიან დამანგრეველი შედეგებით.
სპარსეთის ყურის ქვეყნების პოზიცია
თუ ირანი ვერ შეძლებს ზარალის მიყენებას ისრაელის კარგად გამაგრებული ობიექტების მიმართ, მაშინ თეირანი, ალბათ, თავის რაკეტებს სპარსეთის ყურის უფრო მოწყვლად სამიზნეებზე გადაამისამართებს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებზე, რომლებიც, თეირანის აზრით, წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ მის მტერს – ისრაელს.
რეგიონში ენერგეტიკის უამრავი ინფრასტრუქტურა არსებობს. 2019 წელს ირანი საუდის არაბეთის ნავთობსაბადოების აფეთქებებში დაადანაშაულეს, ხოლო 2022 წელს თეირანის იემენელმა მოკავშირეებმა – ჰუსიტებმა ირანული წარმოების რაკეტებით არაბთა გაერთიანებულ საემიროებს დაარტყეს. მართალია, ბოლო დროს ირანის ურთიერთობა რეგიონის რიგ ქვეყნებთან გარკვეულწილად გაუმჯობესდა, მაგრამ მათ ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ავიაბაზებია განთავსებული და ზოგიერთი მათგანი ფარულად მონაწილეობს ისრაელის თავდაცვის უზრუნველყოფაში – აძლევს მონაცემებს ირანის რაკეტების შესახებ – ისე, როგორც ეს გასულ წელს მოხდა.
მოკლედ, თუ ირანი სპარსეთის ყურის რომელიმე ქვეყანას შეუტევს, მისი თავდასხმის ობიექტს შეუძლია ამერიკას დახმარება მოსთხოვოს – ავიაციის ან სამხედრო ხომალდების სახით. ნათელია, რომ ასეთ შემთხვევაში სიტუაცია გამწვავდება.
ისრაელი ვერ შეძლებს ირანის ბირთვული პოტენციალის განადგურებას
რა იქნება, თუ ისრაელის შეტევა საბოლოო ჯამში წარუმატებელი აღმოჩნდება და ირანი ბირთვულ პროგრამას მიწისქვეშ არსებული ქარხნებში მაინც გააგრძელებს? რა მოხდება, თუ 400 კილოგრამ ურანს, რომელიც საკმარისია ათამდე ბირთვული მუხტის დასამზადებლად, ირანი შეინარჩუნებს?
ექსპერტები თვლიან, რომ ირანის მიერ გამდიდრებული ურანი მიწისქვეშ, ღრმად ინახება გასაიდუმლოებულ შახტებში. რა თქმა უნდა, ყურადსაღებია, რომ ისრაელის ავიაშეტევის შედეგად რამდენიმე ირანელი ფიზიკოსი – ბირთვული იარაღის სპეციალისტი დაიღუპა, მაგრამ არავითარ ბომბსა და რაკეტას არ შეუძლია ირანის გამოცდილებისა და ცოდნის განადგურება ბირთვული ფიზიკის დარგში.
რა მოხდება, თუ ისრაელის შეტევებით ირანი დარწმუნდება, რომ ერთადერთი შესაძლებლობა თავიდან აიცილოს ახალი დარტყმები, ისაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად შექმნას ბირთვული იარაღი?
რა მოხდება, თუ ირანის ახალი სამხედრო ლიდერები უფრო ჯიუტები და ნაკლებად თავშეკავებულები აღმოჩნდებიან, ვიდრე მათი დაღუპული წინამორბედები?
ასეთ შემთხვევაში ისრაელი, როგორც მინიმუმი, ახალ შეტევებს განახორციელებს და მთელ რეგიონს დარტყმების უსასრულო ციკლში ჩაითრევს. ისრაელის ამგვარ სტრატეგიას მკვეთრი დასახელება აქვს – „გაზონების გაკრეჭვა“.
გლობალური ეკონომიკური შოკი და პუტინის სიხარული
ნავთობზე ფასი უკვე სწრაფად იზრდება.
რა მოხდება, თუ ირანი შეეცდება ორმუზის სრუტის დაბლოკვას და ტანკერებით ნავთობის ტრანსპორტირების შეფერხებას? ან თუ არაბეთის ნახევარკუნძულის მეორე მხარეს – იემენელი ჰუსიტები, რომლებიც ირანის მოკავშირეები არიან და რისკიანი მოქმედებებით გამოირჩევიან – წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმებს გააორმაგებენ და ბაბ-ელ-მანდების სრუტეს („ცრემლების ჭიშკრის“) ჩაკეტავენ?
მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მოსახლეობა ისეთაც განიცდის ცხოვრების დონის დაცემას და კეთილდღეობის კრიზისს. ნავთობზე ფასების ზრდა ხელს შეუწყობს ინფლაციას გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში, რომელსაც ისედაც პრობლემები აქვს დონალდ ტრამპის სატარიფო ომის გამო.
და მოდით, ნუ დავივიწყებთ, რომ ერთადერთი პიროვნება, რომლისთვისაც მომგებიანია ნავთობზე ფასების ზრდა – ეს არის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც მოხარული იქნება, თუ როგორ მდინარესავით შევა რუსეთის ხაზინაში მილიარდობით დოლარი უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად.
ირანის რეჟიმი დაეცემა, გაჩნდება ვაკუუმი
რა მოხდება, თუ ისრაელი შეძლებს თავის გრძელვადიანი მიზნის მიღწევას – ხელს შეუწყობს ირანის მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდას და ისლამური რევოლუციის რეჟიმის დაცემას ირანში?
პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს მტკიცებით, მის მთავარ სამიზნეს ირანის ბირთვული პოტენციალის განადგურება წარმოადგენს. მან მიმართა „ირანელ ამაყ ხალხს“ და განაცხადა, რომ ისრაელის შეტევა „მათ გზას უკვალავს თავისუფლებისაკენ“, ბოროტი და დესპოტური რეჟიმის დასამხობად.
ირანის მთავრობის დამხობა შეიძლება რეგიონის ზოგიერთი ქვეყნისათვის მიმზიდველი პერსპექტივა იყოს, განსაკუთრებით ისრაელის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის, მაგრამ როგორ ვაკუუმს შექმნის აიათოლების ხელისუფლების კრახი? რა მოულოდნელი და გამოუცნობი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში? როგორი იქნება ირანული სამოქალაქო ომი რელიგიური ელფერით?
ბევრს ახსოვს, რა მოუვიდა ერაყს და ლიბიას სადამ ჰუსეინისა და მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ. სამწუხაროდ, ასე ხდება ხოლმე, როცა ძლიერ ცენტრალიზებული მთავრობები ეცემიან – ყველაზე მეტად მოსახლეობა იჩაგრება.
ამრიგად, ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ სახეს მიიღებს კონფლიქტი უახლოეს დღეებში: როგორ გააგრძელებს პასუხის გაცემას ირანი და შეძლებს თუ არა აშშ როგორმე ისრაელის შეჩერებას. ამ ორ კითხვაზე პასუხი ბევრად განისაზღვრავს მოვლენების შემდგომ განვითარებას.
მოამზადა სიმონ კილაძემ