ირაკლი კობახიძე: ვინც მივიდა აქციაზე, ყველა მივიდა დამხობის აქციაზე, რომელიც დაანონსებული იყო ბურჭულაძის და მისი პარტნიორების მიერ

4
spot_img

ვინც მივიდა ოთხ საათზე აქციაზე, ყველა მივიდა დამხობის აქციაზე, რომელიც დაანონსებული იყო ბურჭულაძის და მისი პარტნიორების მიერ. როგორც კი ნახეს, რომ ეს დამხობა ჩავარდა, მაშინვე სამარცხვინოდ გაემიჯნნენ, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მან აღნიშნა, რომ ყველამ იცოდა, რომ 4 ოქტომბრის 16:00 საათისთვის დაანონსებული აქცია ხელისუფლების დამხობის აქცია იყო.

„ვინმეს რამე ხომ არ მოგვეჩვენა? ანუ ვინც მივიდა ოთხ საათზე აქციაზე, ყველა მივიდა დამხობის აქციაზე, რომელიც დაანონსებული იყო ბურჭულაძის და მისი პარტნიორების მიერ. როგორც კი ნახეს, რომ ეს დამხობა ჩავარდა, მაშინვე სამარცხვინოდ გაემიჯნნენ ბურჭულაძეს, ზოდელავას და სხვებს. რა თქმა უნდა, მათი საქციელიც სამარცხვინოა – ბურჭულაძის და ორგანიზატორების, მაგრამ მათზე ბევრად უფრო სამარცხვინოა იმ ადამიანების საქციელი, რომლებიც ჩავარდნილი დამხობის შემდეგ გაემიჯნნენ ბურჭულაძეს. ბურჭულაძის მიერ დაანონსებულ დამხობის აქციაზე მივიდნენ, დაიწყო ბურჭულაძემ დამხობა, ჩაუვარდა და ამის მერე გაემიჯნნენ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ბურჭულაძის მოწოდების შემდეგ აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დარჩა და ბურჭულაძეს მცირე ნაწილი გაჰყვა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იყო ტაქტიკური ნაბიჯები და ამ ტაქტიკური ნაბიჯების მიხედვით მიიღეს შესაბამისი ნაბიჯები.

„ანუ ტაქტიკურად იყო გადანაწილებული მათი რესურსი, მაგრამ როგორც კი ნახეს, რომ ძალოვანი სტრუქტურები მოქმედებდნენ ეფექტიანად, მაშინვე დაიწყეს გამიჯვნა მთლიანად დამხობის აქციისგან, როცა საკუთარი ფეხით, თვითონ მივიდნენ დამხობის აქციაზე, ეს არავის მოგვჩვენებია. ოთხ საათზე ვინც მივიდა თავისუფლების მოედანზე, ყველა მივიდა დამხობის აქციაზე. დამხობა როგორ არის მშვიდობიანი პროტესტი?”, – განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, რატომ არ გაჰყვნენ აქციის მონაწილეები პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჰქონდათ მონახაზი, რომლის მიხედვითაც ერთი ნაწილი უნდა წასულიყო ათონელის ქუჩაზე, უნდა შეჭრილიყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და შემდეგ სხვა ჯგუფებს სხვა მიმართულებით უნდა ემოქმედათ.

„მაგრამ როგორც კი ნახეს, რომ პირველივე მცდელობა ჩავარდათ, მაშინვე სამარცხვინოდ გაემიჯნნენ ბატონ ბურჭულაძეს, ზოდელავას და სხვებს. ძალიან სამარცხვინოა ეს ყველაფერი, ესეც აჩვენებს „ნაცის“ სახეს”, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.