ირაკლი კობახიძე IRI-ის გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

26
spot_img

ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის რანგში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მაკა ბოჭორიშვილთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, გივი მიქანაძესთან ერთად, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდა.

20 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შემდგარ მისიასთან შეხვედრის მთავარი თემა იყო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო გარემო.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ახალ საარჩევნო კანონმდებლობას, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მნიშვნელობას და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოს.

მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, წინა წლების მსგავსად, ყველაფერი გააკეთოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ამ მიზნით, არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვეულია არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მისიები.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ღია და აქტიური თანამშრომლობისთვის.

შეხვედრა IRI-ის გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიასთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.