
ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის შეხვედრა, რომელიც შედგა ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ქალბატონ ელჩს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში, მაკა ბოჭორიშვილისა და რობინ დანიგანის შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრების შინაარსის გარეთ გამოტანა მიღებული არ არის, თუმცა ორივე მხრიდან გამოითქვა ინტერესი, რომ არსებითად და თვისებრივად გადაიტვირთოს ურთერთობები საქართველო-აშშ-ს შორის.
„ჩვენ მანამდე გავაკეთეთ არაერთ საჯარო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი სურვილია, სრულებით გადაიტვირთოს ურთიერთობები, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა და არა მარტო დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება კონკრეტული ამოცანები. გავწეროთ ერთად კონკრეტული ამოცანები, სადაც ასახული იქნება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები. ასე გვესახება ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის. ვფიქრობ, რომ არის ღირებულებითი თანხვედრა. გახსოვთ, რას ვლაპარაკობდით გასული სამი წლის განმავლობაში და ახლა ზუსტად იგივე გზავნილებით საუბრობს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია პრაქტიკულად ყველა თემაზე. არის თანხვედრა ხედვებს შორის, ეს არის საჯარო მოცემულობა, რასაც ყველა ხედავს. დანარჩენი, ვფიქრობ, დამოკიდებულია იმაზე, როგორი ნაბიჯები გადაიდგმება ორივე მხრიდან. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ელჩთან შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივა იყო და ის მალევე შედგა.
„რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, თანხვედრა არსებობს, მთავარია, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. ეს ყველაფერი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დამარცხდება საბოლოოდ დიფ სთეითი აშშ-ში. კვლავაც არის პრობლემები და დიფ სთეითის სერიოზული გავლენა. თუ მოხერხდება დიფ სთეითის დამარცხება სრულად თუ თვისებრივად, ვფიქრობ, ამ შემთხვევაშ ვერაფერი დაუდგება წინ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას”, – აღნიშნა პრემიერმა.
ღირებულებითი თანხვედრა მკაფიოდ ჩანს, მათ შორის, საჯარო გზავნილებიდან, რასაც ვისმენთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, დანარჩენი არის დამოკიდებული კონკრეტულ ნაბიჯებზე, ასევე იმაზე, თუ რამდენად გათავისუფლდება ახალი ადმინისტრაცია სრულად „დიფ სთეითისგან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ
მისივე თქმით, თუ იქნება ორმხრივი პოლიტიკური ნება და სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ამ შემთხვევაში, ურთიერთობები აღდგება.
„ბევრი ნიუანსია, რა თქმა უნდა, რაც იქნება მნიშვნელოვანი ურთიერთობების აღდგენისთვის, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ არსებითად შევთანხმდეთ ორმხრივ სურვილზე. თუ იქნება ორმხრივი პოლიტიკური ნება, რომ იყოს ჯანსაღი დამოკიდებულება ქვეყნებს შორის, საქართველოს მიმართ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება, იმისგან განსხვავებული, რასაც ვხედავდით ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ურთიერთობები აღდგება, ჩვენ გვაქვს ფრთხილი ოპტიმიზმი, იქიდან გამომდინარე, რომ „დიფ სთეითი” ჯერ კიდევ არის ადგილზე. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები,”- განაცხადა პრემიერმა.