საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება.
მთავრობის მეთაურმა სახალხო დღესასწაულის სტუმრებსა და ადგილობრივებს ფერისცვალება მიულოცა.
„ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიზიარებ საზეიმო განწყობას. მინდა, მოგილოცოთ ფერისცვალება, ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული. ფარავდეს ამ დღის მადლი გურიას, ყველას ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ! გურიაში განსაკუთრებულად იციან ქვეყნის სიყვარული, მშვიდობის ფასი. აქ ყველაზე კარგად ესმით ასევე პოლიტიკა და ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია გურულებთან ურთიერთობა, ეს შემიძლია, თამამად გითხრათ. მიხარია, რომ დავესწარი დოღს, რომელსაც საუკუნოვანი ტრადიცია აქვს და ვულოცავ დოღში გამარჯვებულებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ადგილობრივებს და ბახმაროში შეკრებილ სტუმრებს სახალხო დღესასწაული მიულოცეს სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში, გიორგი ურუშაძემ და ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ.
მთავრობის მეთაურმა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა და გაესაუბრა მეწარმეებს, რომლებმაც მცირე ბიზნესი სახელმწიფოს მხარდაჭერით დაიწყეს.
სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებული გასართობი და კულტურული ღონისძიებები ბახმაროში მთელი დღის განმავლობაში გრძელდება.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.