ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატორ სტივ დეინსს შეხვდა

6
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, რომელიც კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება და ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ორივე ქვეყანას.

„ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ასევე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო პარტნიორებს სთავაზობს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის კუთხით. შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია პოლიტიკური სტაბილურობა და საქართველოს ხელისუფლება ამის გარანტია. შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.